Home დღის ამბები საზოგადოება TI: ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს – სად არღვევენ...

TI: ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს – სად არღვევენ კანონს ყველაზე ხშირად

ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს – ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში წერია.

TI-მა შეისწავლა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები და როგორც ირკვევა, შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი ექვსი წლის შემდეგაც ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად. თანამდებობის პირები მასობრივად არღვევენ დეკლარაციის შევსების წესებს, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო ჯარიმით ან გაფრთხილებით შემოიფარგლება. ასევე, ყურადღების მიღმა რჩება ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, მათ შორის სავარაუდო უკანონო გამდიდრების შემთხვევები. 2022 წელს კი ბიუროს პროკურატურისთვის არცერთი შემთხვევა არ გაუგზავნია.

დარღვევების მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს (67%), მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს (55%). რაც შეეხება საიდუმლო თანამდებობის პირებს,[4] 2022 წელს 27 ასეთი დეკლარაცია შემოწმდა და დარღვევა 11-ში (41%) აღმოჩნდა.

2022 წელს უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად აქვთ. მაგალითად, სამი და მეტი ტიპის დარღვევა თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტს (53%) უფიქსირდება,[5] რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ან/და არასრულია. ეს, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, როგორც ანტიკორუფციულ მექანიზმს.

2022 წლის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი – 8 ტიპის დარღვევა აქვს ზურაბ ხაჩიძეს, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს. ხაჩიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა თავისი და მისი ოჯახის წევრის: უძრავი ქონება, სამეწარმეო საქმიანობა, საბანკო ანგარიშები, სხვა გასავალი და შემოსავალი; ასევე, არ მიუთითა წლის განმავლობაში აღებული თანამდებობრივი სარგო და დადებული ხელშეკრულება; არასწორად მიუთითა საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა; საყურადღებოა, რომ ხაჩიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის შემდეგაც არ წარადგინა ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშზე ინფორმაცია.

რაც შეეხება დარღვევის კატეგორიებს, 2022 წელს ყველაზე ხშირად (78%-ში) დეკლარანტებმა არ მიუთითეს ან/და არასწორად მიუთითეს ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მათ შორის, ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლები, უძრავი და მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ხელშეკრულებები და მათგან მიღებული მატერიალური სარგებელი.

საგანგაშოა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იზრდება ოჯახის წევრ(ებ)ის მონაცემების მითითებასთან დაკავშირებული დარღვევების რაოდენობა. თუ 2019 წელს უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 63%-ში ვხვდებოდით ამ ტიპის დარღვევას, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 78%-მდე გაიზარდა.

არცერთი მიმართვა პროკურატურას

2022 წელს, პირველად, დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად არცერთი დეკლარაცია არ გადაგზავნილა პროკურატურასთან.

“პროკურატურაში გაგზავნილი საქმეების დაბალი რაოდენობა შესაძლოა მეტყველებდეს: ერთი მხრივ, კორუფციული დარღვევების გამოვლენის პოლიტიკური ნების არ არსებობაზე; და მეორე მხრივ, დაკავშირებული იყოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დარღვევის ხასიათის (არა არსებითი თუ არსებითი) დისკრეციულად გადაწყვეტასთან. ამის კარგი ილუსტრაციაა ის ფაქტი, რომ 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშში, დარღვევების ტიპების აღწერისას, ვკითხულობთ, რომ „უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 44%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება…“. 2022 წლის ანგარიშშიც, დარღვევების კატეგორიის ნაწილში ბიურო კვლავ იყენებს ტერმინის „გამორჩენილი იყო.“ გაუგებარია, როგორ ადგენს ბიურო, რომ თანამდებობის პირს უბრალოდ „გამორჩა“ დეკლარაციაში უძრავი ქონების მითითება და არ ცდილობდა, მაგალითად, მის დამალვას.”,- აღნიშნავენ TI-ში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოვლენილი ნაკლოვანებების ფონზე, იძლევა რეკომენდაციას, რომ:

გაიზარდოს დეკლარანტ პირთა წრე და დაემატოს ყველა დონის პროკურორი, ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლები და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლები;

განახლდეს დეკლარაციით გათვალისწინებული წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა. მაგალითად, საჯარო უნდა გახდეს თანამდებობაზე დანიშვნამდე და გათავისუფლების შემდეგ გაწეული ანაზღაურებადი საქმიანობა;

საჯარო სამსახურის ბიურომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას უნდა გააძლიეროს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის კომპონენტი და სრულად გაასაჯაროოს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია.