ყვარლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივ პროექტებს ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი მოადგილეებთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს ქალაქ ყვარელში, სოფელ საბუესა და სოფელ შილდაში.
ქალაქ ყვარელში, გურამიშვილის ქუჩაზე, დასრულდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი. 2000 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე უკვე მოეწყო ასფალტის საფარის პირველი ფენა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. ამჟამად, ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 328 161 ლარს შეადგენს.
სოფელ საბუეში, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან “ფიქალებთან” მისასვლელ გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 384 გრძივ მეტრს მოიცავს. იგება ახალი ასფალტის საფარი და ეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. პროექტის ბიუჯეტი 501 910 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
სოფელ შილდაში კი გზის რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში 3 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი. ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები და დამონტაჟდა ლითონის ცხაურები. ამ დროისთვის გზის დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 3 123 923 ლარს შეადგენს.
როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ტრანსპორტის მოძრაობას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ პირობებს.