Home დღის ამბები ეკონომიკა Fitch Ratings – წელს საქართველოში ინფლაცია, საშუალოდ, 11,5%-ს შეადგენს, რადგან უძრავ ქონებასა...

Fitch Ratings – წელს საქართველოში ინფლაცია, საშუალოდ, 11,5%-ს შეადგენს, რადგან უძრავ ქონებასა და სურსათზე ფასები მაღალი დარჩება

საქართველოს საბანკო სექტორი არის სტაბილური და კარგად კაპიტალიზებული, – წერს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings. მისი შეფასებით, ქვეყანა მდგრადი საბანკო სექტორითა და მაღალი დოლარიზაციით გამოირჩევა. ანგარიში Fitch Ratings-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მასში წერია, რომ წლის პირველ ნახევარში მარეგულირებელი კაპიტალის კოეფიციენტმა 20.3%, ხოლო სასესხო პორტფელის უმოქმედო, ანუ ქვესტანდარტულმა, საეჭვო და უიმედო სესხებმა 4.7% შეადგინა. ამასთან, წლის პირველ ნახევარში სესხების დოლარიზაციამ 49.1% შეადგინა, რაც 2021 წლის ბოლო მაჩვენებელთან შედარებით მეტწილად უცვლელია, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია წლის დასაწყისიდან, დაახლოებით, 2%-ით შემცირდა და 59% შეადგინა.

„ბანკებს ეძლევათ სტიმული, დეპოზიტების დოლარიზაციის დაბალი დონისთვის შეამცირონ სავალუტო ვალდებულებები სარეზერვო მოთხოვნების შემცირების გზით,“ – წერს Fitch.

ვალის დინამიკაში მაღალი სავალუტო რისკის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკა და პროგნოზირებულზე ძლიერი მშპ-ის ზრდა ხელს შეუწყობს მთავრობის ზოგადი ვალის (general government debt-GGD) სტაბილურობას, რომლის საშუალო დონეც 2022-2024 წლებში მშპ-ის 42.6% იქნება. ეს ოდნავ აღემატება პანდემიამდელ დონეს, ხოლო ამჟამინდელი საშუალო მაჩვენებელი 55%-ია.

სავალუტო რისკების ზემოქმედება საკმაოდ დიდია, რომლის მიმდინარე საშუალო მაჩვენებელი 57.3%-ია. მთლიანობაში სახელმწიფო ვალის 80.5% უცხოურ ვალუტაში არის დენომინირებული. ამასთან, სახელმწიფო ვალის პროფილი მეტწილად ხელსაყრელია, რომლის 73% შეღავათიან სესხებს შეადგენს, ხოლო საგარეო ვალის დაფარვის საშუალო შეწონილი ვადა რვა წელზე მეტს შეადგენს.

Fitch-ის მონაცემებით, ივნისში ინფლაციამ საქართველოში, წლიური გამოთვლით, 12.8%-ს მიაღწია, რაც ცენტრალური ბანკის ინფლაციის 3%-იან სამიზნეს მნიშვნელოვნად აღემატება. კომპანიის შეფასებით, ენერგეტიკული ფასების გლობალური ზრდის ზეგავლენა საქართველოზე შედარებით ნაკლებია, რადგან ქვეყანა ბუნებრივ გაზს, გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე, ძირითადად, აზერბაიჯანიდან იღებს, ხოლო ლარის გაძვირებამ ხელი შეუწყო უფრო მაღალი ინფლაციის თავიდან აცილებას.

Fitch მოელის, რომ მიმდინრე წელს ინფლაცია, წლიური თვალსაზრისით, საშუალოდ, 11,5%-ს შეადგენს, რადგან უძრავ ქონებასა და სურსათზე ფასები მაღალი დარჩება. თუმცა 2023 წელს ინფლაცია 6,2%-მდე, 2024 წელს კი 4,2%-მდე შემცირდება.

Fitch-ის პროგნოზით, მონეტარული პოლიტიკა მკაცრი დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ დოლარიზაციის მაღალი დონე და დაკრედიტების ძირითადად ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი მონეტარული პოლიტიკის ტრანსმისიის ეფექტურობას ამცირებს.