საქართველოში დოლარში სესხის აღება გაძვირდება, რადგან მაღალი ინფლაციის ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით გაიზარდა. აღსანიშნია, რომ განაკვეთის 0.75%-იანი ზრდა აშშ-ის ისტორიაში უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია – მსგავსი გადაწყვეტილება FED-მა ბოლოს 1994 წელს მიიღო.
გასული თვის მდგომარეობით, აშშ-ში ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 40 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე 3.5%-მდე გაიზარდოს, რაც 1980 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქნება.
FED-ის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ შორის ქართულ ბანკებს დოლარის რესურსის შესყიდვა გაუძვირდებათ. როგორც საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი, დავით რუსია განმარტავს, შესაბამისად როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის, დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება.
„ბანკები უფრო ძვირად შეძლებენ, დოლარის რესურსის შესყიდვას, რაც ავტომატურად გადაეცემა მოსახლეობას და შეიძლება აისახოს ფიზიკური პირების და იურიდიული კომპანიების დოლარში ნასესხები სახსრების გაძვირებაში, თუმცა აქ შეიძლება მშველელად მოგვევლინოს ევროპის ბაზარი, ანუ ევრო, რომლის საპროცენტო განაკვეთი ისევ და ისევ 0-ის ტოლია და შეიძლება ქართული კომპანიები ევროზე გადაეწყონ ანუ დოლარის სესხების ნაცვლად ევროში მოახდინონ მეტი სესხება.
საპროცენტო განაკვეთი შედგება რამდენიმე ნაწილისგან: ნასესხები სახსრების საპროცენტო განაკვეთი, დამატებული ფიქსირებული ხარჯები, ცვლადი ხარჯები, მოგების მარჟა და ა.შ ჩვენ არ ველოდებით, რომ სხვა კომპონენტებში იქნება ცვლილება, თუ მარტო ნასესხები სახსრების გაძვირება გვექნება, რამდენითაც გაძვირდება ნასესხები სახსრები, ავტომატურად იმდენივეთი გაძვირდება მინიმუმ საბოლოო მომხმარებლის პროდუქტი.
გაძვირებულ ნასესხებ სახსრებს საბანკო სექტორი ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთად გარდაქმნის, რისკებს თავის თავზე აიღებს თუ საპროცენტო განაკვეთი იქნება ცვალებადი და შეეცდება ეს რისკები ფართო საზოგადოებას გაუყოს, ეს უკვე ინდივიდუალური ბანკის გადასაწყვეტია. FED-ის გადაწყვეტილება ავტომატურად აისახება უკვე ნასესხებ და მომავალში სასესხებელ თანხებზე“,-აცხადებს რუსია.
ის არ გამორიცხავს, რომ მომხმარებლების ნაწილმა ლარში სესხება არჩიონ, თუმცა უფრო მიმზიდველი სხვა ვალუტებთან შედარებით ახლა ევროა, რადგან ჯერჯერობით მაღალი ინფლაციის მიუხედავად ევროპის ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება არ მიუღია.
„თუ სებ-ი შეეცდება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს, შეიძლება დოლარიდან გამოსული მოსახლეობა ლარში დაპორტირდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ევრო უფრო მიმზიდველი რჩება, ვიდრე სხვა ვალუტა“, – აცხადებს რუსია.
ISET-ის უფრო მკვლევარი, დავით კეშელევა კი არ გამორიცხავს FED-ის გადაწყვეტილებამ არამხოლოდ დოლარის, არამედ ზოგადად სესხები გააძვიროს. როგორც ის განმარტავს, რომ არა ლარიზაციის პოლიტიკა და უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის ზღვარის შემოღება, აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უფრო მეტი გადაცემის ეფექტი ექნებოდა საქართველოზე.
„პირველ რიგი FED-ის გადაწყვეტილებას გავლენა ექნება დოლარის სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. პირდაპირი გავლენის არხი სწორედ ეს არის, თუმცა ირიბი გავლენა ზოგადად სესხების საპროცენტო განაკვეთებზე შეიძლება ჰქონდეს, რადგან სხვადასხვა ვალუტაში აღებული სესხები გარკვეულწილად როგორც ერთმანეთის კონკურენტი ინსტრუმენტი ისე შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ძირითადად ბიზნესის შემთხვევაში, რადგან დოლარში სესხის აღება შეზღუდულია გარკვეული ლიმიტის ქვევით, თუმცა საბოლოო ჯამში დოლარში სესხები ამ გადაწყვეტილების შემდეგ უნდა გაძვირდეს.
რაც შეეხება ზოგადად ეკონომიკაზე რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს, ამის თქმა რთულია, რადგან ბევრი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს გადაწყვეტილებებს, მაგალითად ბიზნესმა რომელ ვალუტაში აიღოს სესხი – დოლარში თუ ლარში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობის ცვლილებაც იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა იქნება ჩვენი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება შემდეგ სხდომაზე, გაიზრდება თუ არა საპროცენტო განაკვეთი ლარში სესხებზეც. ესეც იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ არჩევანში, თუმცა იმ პირობებში, რომ ჩვენ ინდივიდებისთვის გარკვეულწილად შეზღუდული გვაქვს უცხოურ ვალუტაში სესხის აღება, იმდენად დიდი გავლენა ამ ყველაფერს ქართულ ეკონომიკაზე არ ექნება, როგორც ექნებოდა იმ შემთხვევაში, ეს რეგულაცია რომ არ ყოფილიყო“,-აცხადებს დავით კეშელავა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში საბანკო სექტორს ჯამში 12,875 მლრდ დოლარის სესხი აქვს გაცემული. აღნიშნული პერიოდისთვის საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 7,31%-ს შეადგენდა.