Home დღის ამბები ეკონომიკა FAO – სურსათის ძირითად ნაწილზე მსოფლიო ფასები კლებას განაგრძობს

FAO – სურსათის ძირითად ნაწილზე მსოფლიო ფასები კლებას განაგრძობს

სურსათზე მსოფლიო ფასები, რაც მიმდინარე წლის მარტიდან იკლებს, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით 0,4 პუნქტით ისევ შემცირდა. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშში არის ნათქვამი.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა ოქტომბერში 135,9 შეადგინა, მაშინ, როცა სექტემბერში 136,3 იყო. მიმდინარე წლის მარტის პიკთან შედარებით, ინდექსი 14,9%-ით დაეცა, თუმცა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2%-ით მეტი დარჩა.

მარცვლეულის მსოფლიო ფასების ინდექსი ოქტომბერში სექტემბრის მაჩვენებელზე 1%-ით, ხოლო გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 11,1%-ით მეტი იყო. წინა თვესთან შედარებით, მსოფლიო ფასები მარცვლეულის ყველა ძირითად სახეობაზე გაიზარდა. კერძოდ, ხორბალი, „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გარშემო არსებული გაურკვევლობის გამო,“ 3.2%-ით გაძვირდა. ფურაჟული, ანუ ცხოველების საკვებად განკუთვნილი მარცვლეულის ფასი 4,3%-ით გაიზარდა.

მცენარეულ ზეთებზე ფასების ინდექსი ოქტომბერში, გასულ თვესთან შედარებით, 1,6%-ით, ხოლო წლიური თვალსაზრისით, თითქმის, 20%-ით შემცირდა. FAO-ს ექსპერტები განმარტავენ, რომ ამ ინდექსის მუდმივი ვარდნა გამოწვეულია პალმის, სოიოს და რაფსის ზეთებზე მსოფლიო ფასების შემცირებით, რამაც მზესუმზირის ზეთის კოტირების ზრდა ზარალით დააკომპენსირა.

რძის პროდუქტების ფასების ინდექსი ოქტომბერში სექტემბრის მაჩვენებელს 1,7%-ით ჩამორჩა. მისი კლება ზედიზედ მეოთხე თვეა, გრძელდება. თუმცა წლიური თვალსაზრისით ფასები 15.4%-ით მეტია. ოქტომბრის დაცემა განპირობებული იყო ჩინეთიდან მოსალოდნელზე დაბალი შესყიდვებითა და სპოტურ კონტრაქტებზე სუსტი მოთხოვნით, რადგან იმპორტიორი ქვეყნების უმეტესობა მიმდინარე მოთხოვნილებებით სრულად იყო დაკმაყოფილებული.

ოქტომბერში ხორცის ფასის ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1,4%-ით შემცირდა. ეს დინამიკა უკვე მეოთხე თვეა, შეიმჩნევა და ყველა სახეობის ხორცის მსოფლიო ფასებისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, ინდექსი 6,4%-ით მეტია. ოქტომბერში ყველაზე მეტად ცხვრის ხორცის მსოფლიო ფასები დაეცა, რადგან გაცვლითი კურსის დინამიკისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან მიწოდების სეზონური ზრდის გამო იმპორტის შესყიდვები შეზღუდული მოცულობით ხდებოდა. ასევე, გლობალური იმპორტის შესყიდვების შემცირების შედეგად, მნიშვნელოვნად დაეცა ღორის ხორცის მსოფლიო ფასები, ხოლო ზოგიერთ წამყვან მწარმოებელ ქვეყანაში შიდა მოთხოვნამაც მოიკლო.

შაქრის ფასის ინდექსი ოქტომბერში სექტემბრის მაჩვენებელზე 0,6%-ით ნაკლები, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8,5%-ით მეტი იყო. ოქტომბერში შაქრის მსოფლიო ფასების კლება მიმდინარე სეზონისთვის გლობალური მიწოდების ხელსაყრელმა პროგნოზმა, ასევე, ინდოეთში წარმოების მოსალოდნელმა ზრდამ განაპირობა.