საქართველოდან ევროკავშირში საქონლის ექსპორტი გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან EU-ში $352 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით $100 მილიონით ანუ 39%-ით მეტია.
შედეგად, ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 22.3% მოდის, გასულ წელს კი ევროკავშირზე მთლიანი ექსპორტის 16.4% მოდიოდა.
სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი არის სპილენძის მადნები, რომლის ექსპორტიც 52%-ით, 165 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მეორე პოზიციას იკავებს თხილი, რომლის ექსპორტი 32%-ით, $26 მილიონამდე გაიზარდა.
ევროკავშირში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო საქონელია:
1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $165 მილიონი დოლარი, 65,000 ტონა, ზრდა 52%;
2) თხილი და კაკალი – $26.2 მილიონი დოლარი, 5,200 ტონა, ზრდა 32%;
3) ფეროშენადნობები – $18 მილიონი დოლარი, 10,100 ტონა, ზრდა 153%;
4) მსუბუქი ავტომობილები – $16.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 85%;
5) მინერალური სასუქები – $14,5 მილიონი დოლარი, 27,000 ტონა, მატება წინა წელთან 84%.
თუმცა ამის მიუხედავად, ევროკავშირი საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი არაა. #1 ადგილზეა ჩინეთი, სადაც 2022 წლის იანვარ-მაისში 362 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც მთლიან EU-ს ექსპორტზე მეტია. ჩინეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც ექსპორტი 224 მილიონი იყო, რაც 15%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას იკავებს რუსეთი 210 მილიონით, სადაც საქართველომ ექსპორტი 3.7%-ით გაზარდა.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოს ექსპორტი ყველაზე მსხვილი არის ბულგარეთში, სადაც 176 მილიონის საქონელი გავიდა ექსპორტზე, ეს წინა წელთან მიმართებით 82%-ით მეტია.