დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, ქართული ოცნების მიერ მხოლოდ ერთი კანონის პროექტის „გაწვევა“ შეიძლება ემსახურებოდეს დროის მოგებას.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი კი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის პროექტის განცხადებით გაწვევის შესაძლებლობას.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის მხრიდან საზოგადოების პროტესტის საფუძველზე გაკეთებული დათმობები არაერთხელ დაექვემდებარა რევიზიას, „ქართული ოცნების“ მიერ საკომიტეტო მოსმენებზე მხარდაჭერილი ორი კანონპროექტიდან მხოლოდ ერთი კანონის პროექტის „გაწვევა“ შეიძლება ემსახურებოდეს დროის მოგებას.
DRI მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ყველა იმ დეპუტატს, ვინც ხმა მისცა ინიცირებულ კანონის პროექტს:
დაიცვან კანონის პროექტის გამოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურები. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილონ და ჩააგდონ პლენარულ სხდომაზე;
დაუყოვნებლივ გაიწვიონ მეორე კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, ინიციატორი ყველა პარლამენტის წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;
ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი, შესაბამისი განმარტებით;
თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისგან” – ნათქვამია, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.