Home დღის ამბები ეკონომიკა ADB-მ საქართველოსთვის $100 მლნ მოცულობის სესხი დაამტკიცა

ADB-მ საქართველოსთვის $100 მლნ მოცულობის სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა [ADB] 100-მილიონის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს ფისკალური მენეჯმენტის, კაპიტალის ბაზრებისა და საპენსიო სისტემის რეფორმების ხელშესაწყობად.

ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მეორე ქვეპროგრამა, 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის შედეგებზე დაფუძნებით განხორციელდება. პირველი ქვეპროგრამა covid-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

“აღნიშნული ქვეპროგრამით აზიის განვითარების ბანკი ხელს უწყობს საქართველოს, დაწყებული რეფორმების პროცესის დასრულებაში, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას მართოს ფინანსური რისკები, განავითაროს კაპიტალის ბაზრები და აგრეთვე სოციალური დაცვის პროგრამები”, – აცხადებს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ევგენი ჟუკოვი.

ADB-ის ცნობით, აზიის განვითარების ბანკის მეორე ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნის ინსტიტუციონალური პოტენციალის განვითარებას, ბუნებრივი საფრთხეებითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ფისკალური რისკებისადმი მედეგობის ამაღლების მიზნით.

ეს პროგრამა ასევე დაეხმარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კორპორატიული მართვის შემდგომ განვითარებას. პროგრამა გააძლიერებს ქვეყნის მაკროეკონომიკური შოკებისადმი მედეგობას საგარეო ვალთან ასოცირებული მაღალი სავალუტო და რეფინანსირების რისკებთან მიმართებით. პროგრამა ასევე დაეხმარება საპენსიო სქემაში მონაწილეთა შენატანების წახალისებას და ნებაყოფილობითი შენატანების სისტემის დანერგვას.

„საპენსიო სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხანდაზმული მოსახლეობის კეთილდღეობის ფისკალურად მდგრადი გზით უზრუნველსაყოფად,“ – აცხადებს ADB-ის საჯარო ფინანსების სპეციალისტი როჯერიო დე ალმეიდა ვიეირა დე სა. „ADB-ის პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობით”.