შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კახეთში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, კამპანია სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 11 მაისს, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრით გახსნა.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია მოიცავს კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტს: საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს.
სამკვირიანი, მრავალკომპონენტიანი კამპანიის, მიზანს წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო პროგრამებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ინფორმაცია მიეღო განათლების, სახელმწიფო ენის შესწავლის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, ხელისუფლების მიერ დაწესებული მხარდამჭერი აქტივობების, შეღავათებისა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ.
ცნობისთვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში არაქართულენოვანი თანამოქალაქეების სრულფასოვანი მონაწილეობისათვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მაქსიმალური ინფორმირება სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რაც ამავდროულად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.