რჩევები

რა წავიღო სამსახურში? – 5 გემრიელი იდეა ლანჩისთვის

რა წავიღო სამსახურში? - 5 გემრიელი იდეა ლანჩისთვის

ლანჩი დასვენების, განტვირთვისა და ძალების აღდგენის დროა. მნიშვნელოვანია, რომ საკვები იყოს გემრიელი და მის მომზადებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდეს. როდესაც ფიქრობთ იმაზე, თუ რა წაიღოთ ოფისში, უნდა გაითვალისწინოთ 3 მნიშვნელოვანი ფაქტორი:

შესაძლებელია თუ არა საკვების გაცხელება;

აქვს თუ არა ოფისს მაცივარი, სადაც ლანჩის შენახვას შეძლებთ;

არის თუ არა ლანჩისთვის გამოყოფილი ადგილი, თუ უნდა მიირთვათ პირდაპირ თქვენს მაგიდასთან.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, შეძლებთ განსაზღვროთ, თუ რა ტიპის საკვები წაიღოთ სამსახურში.

გთავაზობთ 5 მარტივ იდეას ლანჩისთვის:

სალათები

სალათი უნივერსალური კერძია, რომლის ინგრედიენტებიც შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ.

მაგალითად, აიღეთ სალათის ფოთოლი, დაამატეთ ბოსტნეული თქვენი გემოვნებით (კიტრი, პომიდორი, ბულგარული, სტაფილო, ბროკოლი), დანაყრებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ყველი, შემწვარი/მოხარშული ხორცი, ან შებოლილი/დამარილებული თევზი. სოუსი სჯობს შეინახოთ ცალკე კონტეინერში, რომ ლანჩ ბოქსიდან წვენი არ გამოვიდეს და სალათი ზედმეტად არ დარბილდეს.

ლავაშის როლი

ლავაშის როლი უგემრიელესი, სწრაფი და ჯანსაღი საკვებია. შიგთავსისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მოხარშული ქათმის მკერდი, ასევე თინუსი, ორაგული ან ლორი.

სენდვიჩი

სენდვიჩების ძალიან ბევრნაირი რეცეპტი არსებობს. ის ყველაზე სწრაფად და მარტივად მოსამზადებელ წასახემსებლად ითვლება.

პურს წაუსვით სასურველი სოუსი (კეტჩუპი, მაიონეზი, სენდვიჩის სოუსი ან ყველის სოუსი), დააფინეთ სალათის ფოთოლი, ყველი, პომიდორი, ლორი. დააფარეთ მეორე ნაჭერი პური და გადაახვიეთ სამზარეულოს ხელსახოცში.

ფლავი

ფლავი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საკვები ლანჩისთვის, მისი კონტეინერით ტარება საკმაოდ მოსახერხებელია. შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ტკბილი ფლავი, ასევე აზიური.

ბრინჯი გავრეცხოთ და სქელძირიან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე დავყაროთ, გავაშროთ მუდმივი მორევით, შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში, დავუმატოთ კარაქი, როცა გადნება, დავასხათ წყალი, დავუმატოთ მარილი, ჩირი და 15 წთ. თავდახურული ვხარშოთ, შემდეგ შევფუთოთ 15 წთ. ფლავს მოვასხათ საზამთროს მურაბა და მოვაყაროთ მოხალული თხილი.

ბოსტნეულის კატლეტი

ბოსტნეულის კატლეტი საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. მისი მომზადება წინა საღამოსაც შეგიძლიათ.

კომბოსტო გარეცხეთ, დაჭერით 4 ნაწილად, მოათავსეთ ადუღებულწყლიან ქვაბში, დაუმატეთ მარილი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 8-10 წუთი. მოხარშული კომბოსტო გადაიტანეთ საწურზე. ამასობაში გაფცქვენით ხახვი და ნიორი. ხახვი დაჭერით 4 თანაბარ ნაწილად. გაატარეთ ხორცსაკებპში მოხარშული კომბოსტო, ხახვი და ნიორი. მწვანილი გარეცხეთ და წმინდად დაჭერით.ბოსტნეულის ფარშს დაუმატეთ მარილი, პილპილი, მწვანილი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ მანის ბურღული და კვლავ აურიეთ. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ კომბოსტოს მასას. გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ საფანალეში და შეწვით 2-3 ს/კ ზეთში ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close