რჩევები

პრაქტიკული და მარტივი რჩევები გაზის გადასახადის შესამცირებლად

პრაქტიკული და მარტივი რჩევები გაზის გადასახადის შესამცირებლად

ზამთარში გაზრდილი გაზის გადასახადი ბევრი ადამიანისთვის ყოველთვიური ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილია. რამდენიმე პრაქტიკული რჩევის გათვალისწინებით შეძლებთ გადასახადი შეამციროთ ისე, რომ სახლში სითბო შეინარჩუნოთ. რჩევების უმეტესობა ძალიან მარტივია და არც მათი განხორციელებაა დაკავშირებული დიდ ხარჯთან.

ამოქოლეთ ჭუჭრუტანები

შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენს სახლს ჭუჭრუტანები არ აქვს, მაგრამ კარგად შეამოწმეთ, რამდენად მჭიდროდ იკეტება ფანჯრები, ფანჯრების და კარების ჩარჩოების გარშემო მინიმალური სივრცე მაინც ხომ არ არის დატოვებული ცარიელი. ნებისმიერი მცირე ჭუჭრუტანაც კი დაფარეთ სილიკონით ან სპეციალური ქაფით. ეს მარტივი და ბიუჯეტური განახლება გაზის გადასახადს დაახლოებით 10%-ით შეგიმცირებთ.

წყლის მილებს გაუკეთეთ თერმოიზოლაცია

წყალი გამათბობლიდან თქვენს ონკანამდე გადის გზას, რომელიც ხშირად საკმაოდ გრძელია. მილების გავლის დროს წყალი კარგავს ტემპერატურას და ონკანში იმაზე ცივი მოდის, ვიდრე გამათბობელზე გაქვთ დაყენებული. ამიტომ გიწევთ, რომ გამათბობელზე წყლის ტემპერატურა აწიოთ, ეს კი გაზის მოხმარებას ზრდის. მილების თბოიზოლაციის შემთხვევაში წყალი გზაში აღარ გაცივდება და აღარც გაზის გაზრდილი მოხმარება მოგიწევთ.

გათიშეთ გათბობა იმ ოთახებში, რომლებსაც ხშირად არ იყენებთ

შეიძლება ფიქრობთ, რომ სახლში ყველა ოთახს იყენებთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით, იქნებ რეალურად ყველა ოთახი არ გჭირდებათ. თუ რომელიმე მათგანში იშვიათად გიწევთ შესვლა, იქ გათბობის რადიატორი შეგიძლიათ გათიშოთ. აღნიშნულით საკმაოდ კარგ დანაზოგს გააკეთებთ. დისკომფორტი კი, რომელიც ნაკლებად გამოყენებულ ოთახებში გათბობის გათიშვით იქნება გამოწვეული, არც ისე დიდია.

გონივრულად გამოიყენეთ ფარდები

თუ ფიქრობთ, რომ ფარდები მხოლოდ ინტერიერის ნაწილია, ცდებით. ის ოთახში ტემპერატურის კონტროლშიც გეხმარებათ. როდესაც მზიანი ამინდია, ფარდები გადახსენით და მზის სხივები ფანჯრებში შემოუშვით. ღამით და ქარიან ამინდში კი ფარდები ბოლომდე ჩამოაფარეთ, რომ სიცივესა და ქარს ოთახში შემოსვლის საშუალება არ მისცეთ.

აღნიშნული რჩევები დიდ დანახარჯს არ მოითხოვს და გაზის გადასახადს მეტ-ნაკლებად შეგიმცირებთ. თუმცა ამ მიზნით შედარებით დიდი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში უფრო მეტის დაზოგვასაც შეძლებთ. მაგალითად, შეცვალეთ კარ-ფანჯარა ხარისხიანი ანალოგებით. ასე თქვენ მნიშვნელოვნად გაზრდით ოთახში სითბოს შეკავების მაჩვენებელს. შედეგად კი გაზის მოხმარებასა და გადასახადს შეამცირებთ. ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს თანამედროვე ენერგოეფექტური გათბობის სისტემები, რომლებიც გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას ახდენენ. გადასახადების შემცირების მიზნით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწორად დაგეგმოთ ოთახების გათბობა. გამათბობელი რადიატორების რაოდენობის დათვლის დროს ბევრი დეტალის გათვალისწინება უნდა მოხდეს. მათ შორის: რამდენია ოთახის ფართობი, მზიან მხარესაა თუ არა ოთახი, რამდენად სქელი კედლები აქვს ბინას, კუთხის ბინაა თუ მეზობლად სხვა ბინებია და სხვა.

ეს რჩევები შედარებით მაღალბიუჯეტურია, თუმცა საბოლოოდ მათი გათვალისწინება გაზის გადასახადის გონივრული დანაზოგის საშუალებას მოგცემთ. მათ განსახორციელებლად თუნდაც ფინანსური ვალდებულების აღება მოგიწიოთ, გახსოვდეთ, რომ სესხის გადახდას ყოველთვიურად გადასახადებისგან გამოთავისუფლებული თანხით შეძლებთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close