ეკონომიკა

საქართველოზე გამავალი წყალქვეშა კაბელის პროექტში 2.3 მლრდ ევროს ინვესტირება განიხილება

საქართველოზე გამავალი წყალქვეშა კაბელის პროექტში 2.3 მლრდ ევროს ინვესტირება განიხილება

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიწვევით, Global Gateway Board-ის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ევროკავშირისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს. ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

Global Gateway-ის მიზანია 2027 წლისთვის 300 მლრდ ევროს ინვესტიციების მობილიზება. შეხვედრაზე 2023 წლის ოპერაციული პრიორიტეტები განისაზღვრა. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ცნობით, წყალქვეშა კაბელის პროექტში 2.3 მლრდ ევროს ინვესტირება განიხილება. მაღალი ძაბვის კაბელი 1 195 კილომეტრის სიგრძის იქნება, რომლის 1100 კმ-იანი მონაკვეთი შავის ზღვის ფსკერზე, ხოლო 95 კმ – ხმელთზე გავა. პროექტის შედეგად, რუმინეთი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ელექტროენერგიის ბაზარზე ვაჭრობას საათობრივი ფასების გათვალისწინებით შეძლებენ.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ Global Gateway-ის ძირითადი ინვესტიცია პირველი წლის განმავლობაში ციფრული კავშირის გასაძლიერებლად ევროკავშირსა და მის პარტნიორებს შორის წყალქვეშა საკაბელო და ხმელეთზე დაკავშირების პროექტებში განხორციელდა. ასევე, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით მზის სადგურებსა და ქარის ელექტროსადგურებში ინვესტირება მოხდა.

კერძოდ, ციფრულ სექტორში 7 100 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყალქვეშა კაბელი Medusa 342 მლნ ევროს მთლიან ინვესტიციასა და ევროკავშირის 40 მლნ ევროს გრანტს ითვალისწინებს. Medusa-ს კაბელმა ალჟირი, ეგვიპტე, მაროკო და ტუნისი, ასევე, კვიპროსი, საფრანგეთი და იტალია და პორტუგალია-ესპანეთი ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს. ამასთან, ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის აუზში წყალქვეშა და სახმელეთო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, BELLA გაფართოვდება და პანამაში დედამიწის დაკვირვების ცენტრები მოეწყობა.

როგორც ცნობილია, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეი გასულ თვეს თბილისში იმყოფებოდა. ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მან ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველო და ევროკავშირი შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომელიც ქვეყნისა და ევროკავშირის ელექტროსისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს. მისი თქმით, თბილისი და ბრიუსელი, ასევე, ციფრულ მონაცემთა კაბელის გაყვანას განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში, თბილისში სამუშაო ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს გავლით 157 გიგავატი ელექტროენერგიის მიწოდებას აპირებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close