ეკონომიკა

რამდენი ჰიდროელექტროსადგური ამუშავდა 2013-2022 წლებში?

რამდენი ჰიდროელექტროსადგური ამუშავდა 2013-2022 წლებში?

2013-2022 წლებში საქართველოში 50 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში. აღნიშნული ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა. ამუშავებული ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე – 723 მეგავატია, ხოლო ჯამური ინვესტიცია – 1.4 მილიარდი დოლარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რაოდენობრივად ყველაზე ნაყოფიერი 2018 წელი იყო, როცა 8 ჰესი ამუშავდა.

2013-2022 წლებში ექსპლუატაციაში შესული ჰიდროელექტროსადგურების რაოდენობა

2013 – 4
2014 – 5
2015 – 3
2016 – 3
2017 – 4
2018 – 8
2019 – 5
2020 – 6
2021 – 5
2022 (10 თვე) – 7.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, წელს ექსპლუატაციაში შემდეგი ჰიდროელექტროსადგურები შევიდა: „როშკა 1 ჰესი“ ($1,3 მლნ), „როშკა 2 ჰესი“ ($2 მლნ), „როშკა 3 ჰესი“ ($1,2 მლნ), „ახატანი ჰესი“ ($0,6 მლნ), „ბერალიჰესი“ ($1,1 მლნ), „ნაკრაჰესი“ ($9,6 მლნ) და „ჩორდულაჰესი“ ($3,5 მლნ)

აღსანიშნია, რომ 2013-2022 წლებში ენერგეტიკაში ჩაადებული 1.4 მილიარდი ინვესტიციიდან 1 მლრდ დოლარი მოდის იმ ხუთ მსხვილ ჰესზე, რომელიც ბოლო 10 წელიწადში აშენდა. ესენია: ფარავანჰესი – $196 მლნ, დარიალჰესი – $125 მლნ, შუახევიჰესი – $550 მლნ, ხელვაჩაურჰესი – $98 მლნ, კირნათიჰესი – $104 მლნ.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით ინვესტორებთან წელს სულ 62 მემორანდუმი გააფორმეს. პროექტების სავარაუდო ინვესტიცია $660 მილიონია.

2022 წელს ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები

27 ჰიდროელექტროსადგური – $213,4 მლნ
30 მზის ელექტროსადგური – $40,6 მლნ
5 ქარის ელექტროსადგური – $405,3 მლნ.

როგორც  სამინისტროში განმარტეს, პროექტებს კვლევის (საწყის) ეტაპზე განსაზღვრული აქვთ 12 თვე. ვადის გადაწევა კი შესაძლოა, მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული, იმ შემთხვეევაში, თუ მიზეზი არგუმენტირებულად დასაბუთდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close