საზოგადოებასიახლე

რეგიონებში გარევაჭრობის წესები იცვლება

რეგიონებში გარევაჭრობის წესები იცვლება

0

რეგიონებში გარევაჭრობის წესები იცვლება. პარლამენტი განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს გარევაჭრობის წესების ცვლილებას.

კერძოდ, რეგიონებში ზუსტად ის წესები გავრცელდება, რად თბილისშია და გარევაჭრობა კონკრეტულ ადგილებში იქნება ნებადართული. გარდა ამისა, გარევაჭრობას პოლიციის ნაცვლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გააკონტროლებს.

„ცვლილებების თანახმად, ჯარიმა დგინდება შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისათვის. არსებული რეგულაცია რჩება უცვლელი, თუმცა კანონპროექტის თანახმად, ნორმას ემატება საქნქციები ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, ასევე აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის. ეს უკანასკნელი ქმედება, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ითვალისწინებს შესაბამის სანქციას.

ამასთან დგინდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების არსებობისას, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამართალდარღვევის საგანი კონფისკაციას ექვემდებარება, ხოლო სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დადგენის უფლებამოსილება ენიჭება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტებში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავდა საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ხოლო ცვლილების შედეგად -მუნიციპალიტეტები“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, ცვლილება შედის მუხლში, რომლითაც დგინდება ჯარიმა ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრის, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვებითვის.

რაც შეეხება ჯარიმებს, მოქმედი რედაქციით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება, ცვლილებით სამართალდარღვევად ასევე ჩაითვლება აღნიშნული ქმედებების განხორციელება სკვერებშიც. ასევე, დაჯარიმებას დაექვემდებარება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისათვის დადგენილი პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობაც. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სახდელი ზომა ფიზიკური პირისთვის 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ხოლო ნებართვის გარეშე გარევაჭრობის წესების დარღვევა განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ასევე აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით. ეს ქმედება, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით;

მუნიციპალიტეტებში არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის (გავრცელების) თბილისის ანალოგიურად 1 წლის მანძილზე არასათანადო რეკლამის განმეორებით განთავსებისას (გავრცელებისას) სამართალდამრღვევი დაჯარიმდება ჯარიმის ორმაგი ოდენობით. ჯარიმა არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის, უცვლელი რჩება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

კანონპროექტის ინიციატორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – მთავრობა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close