დღის ამბები

საქართველოში 3D პრინტერით ქვევრის წარმოების დაწყება იგეგმება

საქართველოში 3D პრინტერით ქვევრის წარმოების დაწყება იგეგმება

საქართველოში 3D პრინტერით ქვევრის წარმოების დაწყება იგეგმება – განაცხადა  კერამიკული 3D პრინტერის ავტორმა და Qvevry-ს დამფუძნებელმა დავით მიზანდარმა.

მისი თქმით, დღეისთვის სტარტაპმა პირველი 3D პრინტერით დაბეჭდილ ქართული თიხით დაბეჭდილ ქვევრში, ყურძენი პირველად ჩაწურა და 3D პრინტერის ავტორები დღეს წარმოების პროცესის ასაწყობად ბოლო დეტალებზე მუშაობენ, რაც ქართული თიხის მიწოდების ხაზის სრულად გამართვას მოიცავს. დავით მიზანდარი აღნიშნავს, რომ შედეგის მისაღებად სტარტაპმა GITA-დან მოპოვებული 100 000-ლარიანი გრანტი და ამავე მოცულობის პირადი ფინანსური რესურსი ჩადო.

“ქვევრის მწარმოებელი 3D პრინტერი სპეციალურად ქვევრის საბეჭდადაა შექმნილი. ზუსტად ისეთი ქვევრი, რომ მივიღოთ, რომელიც ღვინის წარმოების სტანდარტებს შეესაბამება, ამისთვის ძალიან ბევრი სამუშაოები ჩავატარეთ, ეს იქნებოდა პრინტერისთვის საჭირო ნაწილების სხვადასხვა ქვეყანაში მოძიება, თუ წარმოების დასაწყებად ქართული თიხის შესწავლა, რათა ზუსტად განგვესაზღვრა რომელი თიხით შეგვეძლო ქვევრის დაბეჭდვა. თიხის სხვადასხვა სახეობას გამოწვის განსხვავებული ტემპერატურა სჭირდება, რისთვისაც ლაბორატორიული ტესტები ვაწარმოეთ. უკვე დღეს სხვადასხვა მასალის მოძებნისა და შესწავლის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3D ქვევრის წარმოებისას ჩვენ ვიცავთ ფორიანობას და ყველა იმ სტანდარტს, რომელიც საჭიროა. ქვევრის დაბეჭდვის შემდეგ ხდება მისი შესაბამის ტემპერატურაზე გამოწვა და გაციება. რაც მთავარია, ჩვენი ქვევრები ქართული თიხით იქნება ნაწარმოები“, – განმარტა დავით მიზანდარმა.

3D პრინტერის ავტორი წარმოების მოცულობებსა და ქვევრის ღირებულებაზე ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვევრზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ბაზრებზეც დიდია.

„2 თვეში 3D პრინტერის სრულად გამართვის შემდეგ ჩვენ 1-ტონიანი ქვევრების ბეჭდვის დაწყებას შევძლებთ. ქვევრის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე ადგილობრივი კომპანიების მხრიდან, რადგან დღეს ქვეყანაში საჭირო სტანდარტების ქვევრის წარმოება ფაქტობრივად არ ხდება. ქვევრის დაბეჭდვის შემდეგ ხდება მისი გამოწვა შესაბამისი მოთხოვნებით და შემდეგ გაციება, შესაბამისად, 3D პრინტერით წარმოებული ქვევრები მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების სტანდარტებს შეესაბამება.

თავდაპირველად ჯერ მცირე წარმოება გვექნება, რადგან მხოლოდ ერთი პრინტერი გვაქვს, ხოლო შემდეგ პრინტერებს მოთხოვნის მიხედვით დავამატებთ“, – თქვა დავით მიზანდარმა და დასძინა, რომ მათ ქვევრზე მოთხოვნა პორტუგალიიდან და ამერიკიდან აქვთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close