რჩევები

რა უნდა იცოდეთ, თუ ფულის გასესხებას აპირებთ

რა უნდა იცოდეთ, თუ ფულის გასესხებას აპირებთ

ფულის გამსესხებლად, როგორც წესი, ფინანსური ორგანიზაციები წარმოგვიდგენია ხოლმე. თუმცა რეალურად ფულის გამსესხებელი შეიძლება იყოს ფიზიკური პირიც, რომელიც მისთვის მისაღები პირობებით გაასესხებს კონკრეტულ თანხას. ეს ფინანსური საქმიანობის უძველესი სახეა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. საქართველოში უამრავი ფინანსური ორგანიზაციის პარალელურად, ასევე უამრავი ფიზიკური პირი ეწევა ამ ტიპის საქმიანობას. მათთვის არსებობს კონკრეტული წესები და რეკომენდაციები, რომლის დაცვაც აუცილებელია, რომ ფინანსური საქმიანობა წარმატებული და მომგებიანი იყოს.

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ პროცესი სამართლებრივად სრულად გამართული და მოწესრიგებული იყოს. ამისთვის კი ხელშეკრულების გაფორმებაა აუცილებელი. ხელშეკრულება ფორმდება ნოტარიუსთან. ეს ფაქტი როგორც თქვენი, ისე მსესხებლის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.  მოულოდნელი უსიამოვნებებისგან არავინ არის დაზღვეული. ამიტომ ნოტარიულად გააფორმეთ ხელშეკრულება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსესხებელი თქვენი ნაცნობი ან ახლობელია.

გაითვალისწინეთ, საქართველოს ეროვნული ბანკი კერძო მსესხებლების რეგულაციასაც ახდენს. თუ თქვენ მიმართ სასესხო დავალიანება 20 ან მეტ ფიზიკურ პირს აქვს, თქვენ ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ, როგორც სესხის გამცემი სუბიექტი. რეგისტრაცია ხდება საქართველოს ეროვნულ ბანკში, რომელიც რეგისტრაციის მომენტიდან თქვენს საქმიანობას გააკონტროლებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგულაციები არსებობს, თუმცა ისეთი მკაცრი არაა, როგორც კომერციული ბანკებისა და მისო-ების შემთხვევაში.

რეგისტრაციის შემდეგ თქვენ, როგორც სესხის გამცემ სუბიექტს, გარკვეული უფლებები მოგენიჭებათ. ესენია სესხის გაცემა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სესხის ამოღებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება.

რადგან თქვენ სესხს საკრედიტო ორგანიზაციებთან შედარებით უფრო მარტივად გასცემთ, უფლება გაქვთ მათთან შედარებით უფრო ძვირად მოახდინოთ სესხის გაცემა.

გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ შეადგინოთ სესხის დაბრუნების გეგმა და პუნქტებიც დეტალურად გაწეროთ ხელშეკრულებაში, რომელსაც ნოტარიუსთან გააფორმებთ.

თქვენ, როგორც სესხის გამცემ სუბიექტს, ხელშეკრულების გაფორმების დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ უზრუნველყოფა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სესხის გაცემისას კერძო პირს არ შეუძლია მსესხებელს მოსთხოვოს სესხის უზრუნველყოფა ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მოძრავი ქონების სახით. მოქმედ კანონმდებლობაში უზრუნველყოფის მოთხოვნის შეზღუდვა 2018 წლის 20 აგვისტოდან მოქმედებს.

სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის შემდეგ თქვენი მონაცემები საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სპეციალურ გრაფაში გამოჩნდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close