საზოგადოება

რას ნიშნავს “ვარდისფერი გადასახადი” და არსებობს თუ არა ის საქართველოში

რას ნიშნავს “ვარდისფერი გადასახადი” და არსებობს თუ არა ის საქართველოში

გლობალურად, ქალებისთვის განკუთვნილი პროდუქცია და მომსახურება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მამაკაცებისთვის. ამ ინფორმაციას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს.

მაგალითად, თმის შეჭრა ქალებისთვის უფრო ძვირია, ვიდრე – მამაკაცებისთვის. ასევე, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ჰიგიენური საშუალებების შეძენა, კაცების ანალოგიურ პროდუქტებთან შედარებით, უფრო ძვირი უჯდებათ. ორი სქესის მსგავსი პროდუქტების ფასებში სხვაობას, “ვარდისფერ გადასახადს” უწოდებენ, რადგან როგორც წესი, ქალებისთვის განკუთვნილი პროდუქცია ვარდისფერთან ასოცირდება.

საფასო გენდერული დისკრიმინაცია ბავშვთა პროდუქციაზეც შეინიშნება. ამის ერთერთი მაგალითია საბავშვო სკუტერის ფასები: წითელი სკუტერის ღირებულება 24 დოლარი და 99 ცენტია. ზუსტად იგივე მოდელი – ვარდისფერი კი – 49 დოლარი და 99 ცენტი ღირს. დიდ ბრიტანეთში ქალის დეოდორანტი მამაკაცისაზე 10%-ით ძვირია; ქალის სახის საცხი კი – 34%-ით.

აშშ-ის გაერთიანებული ეკონომიკური კომიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ქალების პირადი მოვლის საშუალებები საშუალოდ 13%-ით უფრო ძვირია, ვიდრე მამაკაცების. ქალების ტანსაცმელი და აქსესუარები კი, შესაბამისად, 7% და 8%-ით მეტი ღირს. რაც შეეხება სხვა მომსახურებებს, ქალებს ქიმწმენდით სარგებლობა ორჯერ მეტი უჯდებათ, ვიდრე – მამაკაცებს.

მკვლევარები ადასტურებენ, რომ ორივე სქესისთვის ყოველდღიურად საჭირო პროდუქტებსა და მომსახურებებში, ქალები, კაცებთან შედარებით, სიცოცხლის განმავლობაში ათასობით დოლარით მეტს იხდიან. ეს კი იმ ფონზე, როცა მსოფლიო მასშტაბით ქალებს, კაცებთან შედარებით, მსგავსი სამუშაოს შესრულების შემთხვევაშიც კი, ნაკლები შემოსავალი აქვთ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკელი ქალები ყოველდღიური საჭიროებების პროდუქტებსა და მომსახურებებში წლიურად საშუალოდ 2,380 დოლარით მეტს ხარჯავენ, ვიდრე – კაცები. ე.წ. „ვარდისფერი გადასახადის“ აღმოსაფხვრელად შეერთებულ შტატებში გასულ წელს კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი კი ჯერ კიდევ არ არის განხილული. თუმცა, ამ მიმართულებით, ამერიკის ზოგიერთი შტატი ზომებს დამოუკიდებლად იღებს. მაგალითად, კალიფორნიაში მომსახურების სექტორში გენდერულად განსხვავებული ფასების არსებობა 1996 წლიდან კანონით აკრძალულია. ხოლო 2017 წელს გაერომ ყველა ქვეყანას ე.წ. “ვარდისფერი გადასახადის” ფენომენის აღმოფხვრისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება საქართველოს, რესპოდენტების განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. “ვარდისფერი გადასახადი” არ არსებობს და თითქმის ყველა სფეროში ქალებს და კაცებს თანაბარი ხარჯი აქვთ. გამონაკლისი მხოლოდ სილამაზის სალონებში გაწეული მომსახურების, კერძოდ თმის შეჭრის ღირებულებაა.

რაც შეეხება ტანსაცმელს, ჩვენს ქვეყანაში მამაკაცის სამოსი უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე – ქალის. Retail Group Georgia-ს ცნობით, მიზეზი ისაა, რომ ქართული ტანსაცმლის ბაზრის 70% ქალებზეა მორგებული და არჩევანი ფასის და კატეგორიების მიხედვით უფრო მრავალფეროვანია.

დაბოლოს, მსოფლიოს ძირითადი ნაწილის მსგავსად, ქალის და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა საქართველოშიც თვალსაჩინოა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 537.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 10.8 პროცენტი, კაცებში – 9.2 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close