საზოგადოება

„არსებობს ისტორიული დაავადებების აფეთქების საფრთხე“ – ქვეყანაში გეგმიური ვაქცინაცია შემცირებულია

„არსებობს ისტორიული დაავადებების აფეთქების საფრთხე“ – ქვეყანაში გეგმიური ვაქცინაცია შემცირებულია

კოვიდმა მსოფლიოში ბევრი სხვა დაავადების რისკი შექმნა. მათ შორის ჩავარდა კიბოს სკრინინგის პროგრამები, ბოლო 10 წელიწადში პირველად ტუბერკულოზით გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ასევე შემცირდა გეგმიური ვაქცინაციით მოცვა – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ პანდემიის დროს მშობლები ერიდებოდნენ ბავშვების ექიმთან მიყვანას, რადგან კორონავირუსის გარდა არავის არაფერი ახსოვდა. ახლა კი, როდესაც კოვიდის გავრცელების კუთხით სიტუაცია დასტაბილურდა, მსოფლიო და მათ შორის საქართველო დადგა ისტორიული დაავადებების საფრთხის წინაშე. მათ შორის სპეციალისტები საუბრობენ პოლიომელითისა და წითელას აფეთქების საფრთხეზე.

„მოვუწოდებ მშობლებს, თუ ჰქონდათ ჩავარდნა გეგმიურ ვაქცინაციაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და აცრან თავიანთი შვილები,“ – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

პედიატრი მაია ხერხეულიძე კი იმ შემაშფოთებელი ტენდენციის შესახებ საუბრობს, რომელსაც საკუთარ პრაქტიკაში აწყდება: „ხშირად მშობლები უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე და ბევრი მაგალითისა და დასაბუთების მიუხედავად, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, თავს იკავებენ შვილების აცრისგან. მაგალითად წითელაზე აცრისგან, და ამბობენ, რომ ესაა ძალიან მსუბუქი ინფექცია და ბავშვი მას მარტივად გადაიტანს. თუმცა ეს ასე არ არის და წითელა უამრავ გართულებას იწვევს.“

მაია ბუწაშვილის თქმით კი, მას ჰქონია შემთხვევები, როდესაც მასთან მიდის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც სრულიად კარგად იქნებოდა, ერთი ჩხვლეტა და ერთი ვაქცინა რომ გაეკეთებინა.

მაგალითად ეს ეხება ბე ჰეპატიტს, რომელიც ციროზსა და ღვიძლის კიბოს იწვევს.

„გულსაკლავია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანი მითებს აყვა, უარი თქვა ვაქცინაციაზე და ამის გამო იტანჯება მძიმე დაავადებით,“ – აღნიშნა მან.

ბუწაშვილის თქმითვე, ასობით კვლევამ დაადასტურა, რომ წითელასა და აუტიზმს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close