საზოგადოება

დასრულდა თუ არა ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს შორის გარიგებების პრაქტიკა

დასრულდა თუ არა ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს შორის გარიგებების პრაქტიკა

ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების დანერგვის შემდეგ ექიმებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი გამოწერონ, რაც ფარმაცევტულ კომპანიებს ნეგატიური მარკეტინგის საშუალებას უსპობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

„ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლის მთავარი მიზანი ზედოზირებული მედიკამენტების გამოწერის კონტროლია. რეგულირების სააგენტოს სისტემაში აქვს წვდომა, რომელი ექიმი რომელ მედიკამენტს წერს, შესაბამისად მათ აქვთ საშუალება გააკონტროლონ, რა რაოდენობის მედიკამენტია გამოწერილი ინდივიდუალურად პაციენტზე. ჩვენ არ ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა ექიმმა კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი გამოწეროს, რაც ნეგატიურ მარკეტინგულ საშუალებას უსპობს გარკვეულ ფარმაცევტულ კომპანიებს,“- განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, 1 მარტიდან 16 სექტემბრამდე 1,522,640 ელექტრონული რეცეპტი გამოიწერა. 11 აპრილიდან 16 სექტემბრამდე პერიოდში კი გენერიკული სახით გაიცა 956,000 დანიშნულება.

ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის, მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით ფარმაცევტულ რეფორმას ახორციელებს. ცვლილების მიხედვით მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა (გამონაკლისია მხოლოდ სოფლის ექიმები). ამასთანავე დაინერგა წამლის გენერიკული რეცეპტის გაცემის სისტემა. შესაბამისად, ექიმი კონკრეტული დასახელების მედიკამენტს ვეღარ გამოწერს და ვალდებულია, რეცეპტში მხოლოდ აქტიური ნივთიერება მიუთითოს, აფთიაქში მისული მომხმარებელი კი რამდენიმე ვარიანტიდან მისთვის სასურველ წამალს იყიდის. რეფორმის მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, რადგან გენერიკული მედიკამენტები, როგორც წესი, ორიგინალზე იაფფასიანია.  ამასთან, ამ სისტემის შედეგად, უნდა გამოირიცხოს ექიმის მიერ კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნა, რაც არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წლების განმავლობაში საქართველოში აქტიურად მოქმედი პრაქტიკა იყო, როდესაც ექიმი კონკრეტული მედიკამენტის გაყიდვისთვის ფარმაცევტული კომპანიისგან იყო წახალისებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close