განტვირთვაგანტვირთვაკულტურამთავარი ამბებისაინტერესო

როგორ მზადდება ახალგაზრდა ჟურნალისტის ხელნაკეთი ნივთები

0

მაცაცო, თელაველი ახალგაზრდაა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია და ადგილობრივ მედიაში, რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობს. როგორც ის ამბობს, ჟურნალისტიკა პროფესიაა, რომელიც ამავე დროს არის მისთვის საყვარელი საქმე, ცხოვრების წესი და უბრალოდ საქმე, რომლის კეთების დროსაც ირგვლივ ყველაფერი ავიწყდება.
,,სკოლა 2012 წელს დავამთავრე და თელავის უნივერსიტეტშიც, იმავე წელს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაც იყო. ალბათ, უკან რომ დამაბრუნო, კვლავ ამ პროფესიას ავირჩევდი. თუმცა, დღეს მინდა ჩემი ორი წლის წინ დაწყებული, ახალი საქმიანობის შესახებ მოგიგვეთ…”

როგორც მაცაცო ამბობს, პირველი ხელნაკეთი ნივთების დასამზადებელი თანხა, მამამ მისცა. ამიტომაც, ყველა ნივთი და აქსესუარი, რასაც ის ქმნის, გარდაცვლილი მამის ხსოვნას ეძღვნება…

თელაველი ჟურნალისტი, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, ამბობს, რომ მამასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი ჰქონდა და ყოველთვის მისი მხარდაჭერით სარგებლობდა.

“მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. ყველა ჩვენგანს ხელოვნება უყვარს. მამა ყოველთვის ჩემი თანამდგომი და მხარდამჭერი იყო. სახელიც მან დამარქვა. პანდემიის დროს, ყველა სახლში რომ გამოვიკეტეთ, მაშინ გადავწყვიტე, ჩემი ჰობი, რეალობად მექცია. სწორედ, მამის ნაჩუქარი თანხით შევიძინე მასალა, ჩემი პირველი ნაკეთობებისათვის” – ჰყვება მაცაცო.

,,ჩემი პირველადი ბიუჯეტი 50 ლარი იყო, რადგან საცდელად ვიყიდე მასალები. პირველი ნამუშევარი, თმის ბაფთა იყო, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმის ბროში გავუკეთე, ნატურალური ქვებით. სოციალურ ქსელში, მაცაცოს ხელნაკეთი აქსესუარების გვერდიც, იმავე დღეს შევქმენი და ნივთი, გასაყიდად განვათავსე.

სწორედ ყველაზე დიდი მოტივაცია გახდა ის, რომ ბაფთა საღამოს უკვე გაყიდული იყო. ამ დღის შემდეგ, უკან ნაბიჯი არასდროს გადამიდგია. ყოველდღე ვმუშაობდი და ვხვდებოდი, რომ ვიზრდებოდი როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად.

 

ხელსაქმე ჩემთვის საყვარელი საქმიანობადაც იქცა და ძალიან მალე, შემოსავლის ერთ-ერთი წყაროც.

ყოველდღე ნივთების მრავალფეროვნებაზე ვფიქრობდი, რომ მომხმარებლის დაინტერესება გაზრდილიყო. დავიწყე აბადოკების, ბროშებისა სხვადასხვა აქსესუარების კეთებაც.

ამ ყველაფერს მძიმე შრომა სჭირდება და მე თავს არ ვზოგავ ამისთვის. სახლში ოთხი წლის ქეთო მყავს, დავაძინებ და ხან, დილამდე ვმუშაობ. მამა რომ დავკრძალეთ, მალევე განვაახლე მუშაობა. მას უნდოდა, ძლიერი და ფეხზე მდგომი ვენახე. ამიტომ არ უნდა დავცემულიყავი.

ყველაზე დიდი მოტივაცია იყო, როდესაც ერთი გოგონა დამიკავშირდა და მითხრა, რომ დამეხმარებოდა ჩემი ნამუშევრების გაყიდვაში. მისი დახმარებით, აქსესუარები გერმანიაში, საქველმოქმედო კამპანიისთვის აღმოჩნდა. თითო გაყიდული ნივთიდან, რაღაც ნაწილს ქველმოქმედებას ვახმარდით. პირველი გამოფენაც, თავად მოვიწყე.

ამ ორ წელში, ბევრი გზა გავიარე. კმაყოფილი მომხმარებლბების, საუკეთესო შეფასებები, კიდევ უფრო მაძლიერებს.

.

ასე, რომ… დაიწყეთ საქმე, რომელიც ძალიან გიყვართ და ნუ დაელოდებით დიდ თანხებს. თუ ნამდვილად მოინდომებთ და თავდაჯერებული იქნებით თქვენს შესაძლებლობებში, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. დაიწყეთ ბიზნესის კეთება იმ მომენტიდან, როდესაც იდეა დაგებადებათ.

ვთვლი, რომ თუ ადამიანს შრომა უყვარს და თან ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით გაჯერებულს გახდის, თავს ყველგან იპოვის. თუ თქვენ არ მოინდომებთ, სხვა ვერ შეცვლის თქვენ მომავალს.

მთავარ ოცნებად კი, სახელოსნოს შექმნა მრჩება, სადაც შევძლებ სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნას და სამომავლოდ, მომხმარებლების მასპინძლობას.
ამაზეც მამასთან ერთად ვფიქრობდი, ამიტომ თავს არ დავზოგავ და მჯერა, რომ ამ ოცნებასაც ავიხდენ…”
,,მთავარი ამბები კახეთიდან”, აგრძელებს რეგიონში მცხოვრები მეწარმეების გაცნობას. გვადევნე თვალი და გაუზიარე, წარმატების ისტორია მეგობრებს.
#გვადევნეთვალი
გაიცანი, შენი რეგიონის მეწარმეები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close