Home ბლოგი მკითხაობისთვის მისჯილი 24 წელი

მკითხაობისთვის მისჯილი 24 წელი

ნანას 24 წელი ჰქონდა მისჯილი. მისი დანაშაულის შესახებ რომ გაიგებთ, ჯერ გაგეცინებათ, მერე კი, განრისხდებით, ოღონდ – არა ნანაზე! მოკლედ, ნანას ერთი კარგი ხელობა ჰქონდა – მარჩიელობდა და გოგონებს გულს უმშვიდებდა.

ნანას ცუდი ხელობაც ჰქონდა – ჯადოს აკეთებდა და დანგრეულ ოჯახებს აღდგენას ჰპირდებოდა, ქალებს – მამაკაცების გულის დაპყრობას…

და ისე, როგორც მარჩიელთა წესია, იყო კლასიკური თაღლითი…

ნანა, სხვა მარჩიელებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მხოლოდ ფულზე არ ხსნიდა ბედს – ნატურალური პროდუქტი უფრო მისაღებად მიაჩნდა…

და აი, ასე: მეგრელი ქალი კახეთში ჩავიდა – შორეულ ნათესავებს ესტუმრა, თავისი ხელობის უნიკალურობას მოჰყვა, უამბო სოფლებს, როგორ ეძინა სამი დღე-ღამე და როგორ ასწავლა წვეროსანმა კაცმა მკითხაობა და…

დადგა რიგი…

ქალები მამაკაცების გულის დაპყრობას ითხოვდნენ.

ცოლ-ქმარი – შვილის გაჩენას…

დედამთილი რძლის გამოთაყვანებას ჩიოდა…

ცოლები მოღალატე ქმრების საყვარლებზე ითხოვდნენ ჯადოს გაკეთებას…

ნანაც ყველა გაჭირვებულს არწმუნებდა, რომ დაეხმარებოდა… ხელწერილებიც კი დაუწერა, რის სანაცვლოდაც აიღო:

2 ტომარა ფქვილი!

25 ქათამი!

5 ლიტრი თაფლი!

თხილი და კაკალი…

100 ლიტრამდე ღვინო.

50 ლიტრი არაყი!

ზეთი…

“ბურვაკი”…

მოკლედ, გავიდა ერთი თვე…

გავიდა ორი თვე…

გავიდა ნახევარი წელიწადი და…

ნანას ჯადომ ვერ უშველა ვერაფერს და ვერავის…

განრისხდა სოფელი…

სამეგრელოდან ჩამოსულმა მარჩიელმა როგორ გვაჯობაო, გაბრაზდნენ კახელები…

მიადგნენ ნანას ნათესავს და ყველაფრის უკან დაბრუნება მოსთხოვეს…

შეწუხდა ნათესავი, ნანას ასჯერ მაინც სთხოვა, დანაპირები შეასრულეო…

ნანაც ჰპირდებოდა, მაგრამ რად გინდა? – ჯადო ვერ ჭრიდა…

და როცა ჯადო ვერ ჭრის, მაშინ პოლიცია ჭრის და როცა ჯადომ ვერ უშველათ, გლეხებმა იფიქრეს, რომ საქმეს ნანას დასჯა უშველიდა…

და მიადგნენ პროკურატურას…

აი, ასე: ნანა დაიჭირეს, თაღლითობის ბრალი წარუდგინეს…

სასამართლოზე გლეხებმა მისი უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს, ჩვენი ნაშრომი მიითვისა და შეჭამაო…

და თემიდამაც ჩაიხედა სისხლის სამართლის კოდექსში და აღმოაჩინა, რომ ეს დანაშაული შესაკრებთა ერთობლიობას ითხოვდა – თითოეული დანაშაული მინიმალური სასჯელით – 4 წლით შეაფასა, ეპიზოდები შეკრიბა და, ჯამში, ნანას 24 წელი მიუსაჯა…

ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა ეს განაჩენი რომ ნახა, არ ვიცი, გაეცინა თუ არა, მაგრამ მის განცვიფრებას და გაბრაზებას საზღვარი რომ არ ჰქონდა, ეს ტელეეკრანიდან ჩანდა… ბოლოს კი, ნანა სუბარის წლიურ საპარლამენტო ანგარიშში მოხვდა…

ნანას ექვსმა დაზარალებულმა უჩივლა…

არც ერთის ზარალი 10 000 ლარს არ აღემატებოდა, შესაბამისად, ყველა ეპიზოდის დანაშაული 180 მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირდა, რაც 4-დან 7 წლამდე სასჯელს ითვალისწინებდა…

მოსამართლემ ბევრი იფიქრა და ყველა ეპიზოდი სასჯელის მინიმალური ვადით შეაჯამა, ანუ თითო ეპიზოდი – 4 წლით, მერე, ეს 4 ექვს ეპიზოდზე გაამრავლა და მიიღო 24… ისე, გაიხაროს იმ მოსამართლემ – თითო ეპიზოდი 6 წლით რომ შეეფასებინა, ჯამში, 36 გამოვიდოდა…

სისხლის სამართლის კოდექსში თეთრზე შავით გვიწერია, რომ მაქსიმალური დათვლითი სასჯელი 30 წელია და თუ დანაშაულთა შეკრებითობა 30-ს სცილდება, მაშინ განსასჯელს უნდა მიესაჯოს, უალტერნატივოდ, სამუდამო პატიმრობა…

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ნანა სამუდამო პატიმრობას ბედზე გადარჩა…

24-დან ნანამ 5 წელზე მეტი მოიხადა…

მერე, ამნისტია წამოეშველა და გათავისუფლდა…

ნანა იმის კლასიკური მაგალითია, თუ რა დაუნდობელი და შეუცნობელი იყო ადეიშვილის სისხლის სამართლის კოდექსი…

ერთის თქმა დამავიწყდა: ნანას 24 წლის გარდა, სასამართლომ 5 ათასი ლარი ჯარიმაც დააკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ…და ზოგადად გლეხებისაგან წამოღებული სანოვაგე სულ არ შეადგენდა 5000 ლარს.
მართალია ნანამ ჯადო ვერ მოხსნა , სამაგიეროდ გლეხებმა ამ ფორმით შეძლეს სოფლისათვის ჯადოს გამოლოცვა.

ნაწყვეტი – „გაცრილი მზე“