Home დღის ამბები ალუსის ერთი დღე

ალუსის ერთი დღე

ალა დათუკიშვილი -პოეტი

პირველი,რაც მინდა წაკითხვის დროს იგრძნობოდეს სრული უბრალოებაა,ჰო და ყოველგავრი შეკაზმისა და შელამაზების გარეშე ვწერ ჩემს ერთ დღეს.

უბრალოება იმიტომ, რომ მიუხედავად ამ ქვეყნის ძვირფასი ფასადებისა და ცათამბჯენებისა,მიუხედავად ქვეყანაში არსებული მარადიული (დღემდე) მშვიდობისა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგრადობისა,მიუხედავად იმისა რომ აქაურობა ლუსქურის სტილის ქვეყნების ჩამონათვალში თავის ადგილს ამაყად იკავებს,მაინც ირგვლივ უბრალოება სუფევს.
ემირატები საოცნებო ქვეყანაა,თუმცა ჩემს ბავშვობაში წითელქუდობაზე და კონკიობაზე უფრო მიოცნებია,ვიდრე ალადინზე და ჟასმინობაზე,მაგრამ ცხოვრების საიდუმლოც ამაშია,ოცნებებიც ელემენტარულ ნაწილაკებს გვანან,რომლებიც სამყაროში ერთმანეთში ირევიან და ალბათ ვინმე სხვისი ოცნება შემომეჭრა ნეირონებში. (ოცნების შემოჭრაც შემოჭრაა და ჩემი აპოლიტიკურობის ხელისუფლებისადმი ანტიპატიურად განწყობის მიუხედავად,არის პოლიტოკოსი რომელიც თავისი ლომონოსოვის კლასით მხიბლავს და ეგება რამე საშველი გამონახოს ამ ადამინამა ჩვენი დღენიადაგ უსაშველო ქვეყნისთვის,ეს რა შუაშია მაგრამ გადაუსწორებლად ვწერ არც არაფერს წავშლი და არც შევასწორებ.)

ადრე ღამდება და მზეც ადრე იწვერება.ისეთი ცაა იშვიათად ჩანს ვარსკვლავებიც და დილის ღრუბელიც.ქვიშის მტვერი და სიცხის ბუღი გარკვეულ სიმაღლის ზემოთ ყველაფერს ბურუსში ახვევს. დილა ძალიან ცხელია,აგვისტოში +45 გრადუსით იწყება და ამიტომ სამსახურისკენ მიმავალს მხოლოდ მშენებლობაზე მომუშავე ინდოელ მამაკაცებს თუ დაინახავ.დანარჩენები სახლიდან პირდაპი ავტომობილში ვხტებით და მივუყვებით განიერ განათებულ გზატკეცილებს.ელექტროგანათება დღისითაც ისევე მუშაობს,როგორც ღამით.ჩემი სამსახური ივენთების ორგანიზებაა და ძირითადად არაბულ კულტურას და ტრადიციებს ვემსახურები. აქ იმდენად უყვართ გართობა,რომ დაბადების დღეს ჩვენებური ქორწილივით იხდიან და ქორწილი კი კანის ფეტივალს გავს ან ოსკარის დაჯილდოვებას,თავისი წითელი ხალიჩებით და ჰოლივუდური სტუმრებით.მფრინავი ტორტებით და საოცარი შოუებით.
ხშირად მიწევს მოლებში ყოფნა ივენთების გამო და შესვენებაზე სხვაგან სად გაიქცევა ადამიანი თუ არა კაფეტერიაში,არაბული ყავის დასაგემობნებლად,(რადგან მე სტარბაქსის ცუდი კლიენტი გახლავართ).
შუადღის გულზე,მზე ისე ვარვარებს გარეთ ადამიანების სილუეტები ფოკუსში ირევიან.
ქუჩებში უამრავი კატა ცხოვრობს,მათ სპეციალური ადგილები აქვთ სადაც მათთვის განკუთვნილი საჭმელი და წყალი ყოველთვისაა,მეც მყავს ჩემი სახლის ქვემოთ შვიდი კატა.ჰო და ეს კატები მონაცვლეობით მოდიან მოლებთან და მარკეტებთან და ერთი მიაუთი სთხოვენ მომსახურე პერსონალს რომ კარი გაუღონ და გაგრილდნენ.როგორც კი კატა კართან მივა მაშინვე შიგნით უშვებენ და მათ არავინ აგდებს გარეთ ვიდრე თავად არ მოისურვებენ.ამ დროს ჩენი ქვეყნის გლახაკებზე მეფიქრება ხოლმე და ამ ლუდოვიკომანიით მიღებული სიამოვნება უცბად ქრება,როცა ვიცი რომ ჩემს ქვეყანაში არც კატაა დაცული და არც ადაიამნი,რომ ჩემს ქვეყანაში კატაზე მეტი უსახლკარო ცხოვრობს ქუჩაში.
ტირილი და გოდება არ მიყვარს,ემიგრაციაში წასულებმა რომ იცია,რა თქმა უნდა მონატრების ძალა იმდენად დიდია რომ შეიძლება ფეხით გაიქცე ადამიანი სამშბლოში,მაგრამ მე გამიმართლა და ღვთის წყალობით წლები არ გადის რომ ოჯახი ვერ ვნახო,ხშირად ჩავდივარ სახლში და პირიქით ოჯახი ჩამოდის აქ.
სამსახურში წასვლამდე რომ დაუმთავრებელი ბინების ქუჩას გავივლი,სახლში მობრუნებულს უკვე დამთავრებული მხვდება,ჩამონტაჟებული კარ-ფანჯრებით და საცხოვრებლად მზა. აქაური მშენებლობის ტემპი ნიუიორკის ცხოვრების ტემპს გავს,ქაოსურად სწრაფია.

დღის განმავლობაში რამოდენიმე შესვენებაა. ეს ლოცვის საათებს ემთხვევა,ამ დროს ყველა ლოცულობს და მეჩეთები სავსეა ხალხით.ყველა ემირატში არის მართმადიდებლური ეკლესია,რომელიც რა თქმა უნდა მოქმედია,შარჟის ემირატის ტაძარი უდიდესია,მაღალი და ულამაზესი,ვცდილობ ყოველ შაბათს ლოცვას დავესწრო.
ცოდნის ამაღლების და პროფესიული პროგრესირებისთვის ცუდი ადგილია,მაგრამ ეს ქვეყანა როგორც მუშა ხელს კარგად გიყენებს და ანაზღაურებასაც გაძლევს.ქუჩებში არავინ მათხოვრობს,ძალიან გაჭირვებულები ბუკლეტებს არიგებენ ან თევზსაჭერზე მუშაობენ.
ქართლის დედის კულტის ქვეყნიდან ჩამოსული,ბევრჯერ დავრჩი სახტად აქაური ტრადიციებით,რომელიც დედას უკავშირდება,რამოდენიმეჯერ თანამშრომლებს შეაგვიანდათ,პერფორმანსიც კი გადადებულა მათ გამო და რაში იყო საქმე,უმრავლესობა ვისაც დედა ყავს სახლში,სახლიდან გარეთ ისე არ გამოვა ვიდრე დედა არ დალოცავს.ღმერთის შემდეგ ჯერ დედაა და მერე დანარჩენი სამყარო.ხშირად დაყავთ სამსახურში და ივენთებზე მოხუცი მშობლები ან ინვალიდი ბებია-პაპა ეტლებით. შეიძლება დრო არაფრისთვის ჰქონდეთ მაგრამ მშბლებისთვის ყველაფერი აქვთ. აქ ერთმანეთს იმის მიხედვით სცემენ პატივს თუ როგორ პატვივს სცემენ საკუთარ დედას და ოჯახს, აქ არ არის დედიკოს ბიჭის ინსტიტუტი,რადგან დედა ღმერთია.
კიდევ ერთი რამ,არ იციან რა არის დაცინვა და ბოღმა,ალბათ ეს განაპირობებს რომ აქაური ხალხი დიდხანს ცოცხლობენ.ამასწინად ივენთი მოვაწყვეთ 123 წლის კაცს ჰქონდა დაბადების დღე,რომელიც საკუთარი მანქანით ,,მოგრიალდა” ვილაზე.
5 წლის წინ ჩამოვედი და რომ იტყვიან აეროპორტში გადავყარე ყავარჯნები,ფიზიკურად და ჯანმრთელობით ძალიან სუსტად ვიყავი და სულიერად ხომ განადგურებული.აქაური ცხოვრების რიტმი დამეხმარა რომ თავიდან მესწავლა ღიმილი და შემეგრძნო სიცოცხლე.როცა ხარ ადამიანების გარმოცვაში რომლებმაც არ იციან რა არის დარდი…
ან უბრალოდ ისე სწამთ რომ შენც დილემის წინაშე დგები,თუ ღმერთის გწამს,მაშინ რატო ტირიხარ მასზე ვინც ღმერთთან მიდის? ან განსაცდელზე რატო ტირიხარ,ეს ნიშნავს რომ ღმერთს არ ავიწყდები და ახსოვხარ.თქვი ყველაფერზე მადლობა ღმერთს და მადლობის ნიშნად მოგეცემა უკეთესი ვიდრე ახლა გაქვს.
არ ვიცი ჩემი კავკასიური სისხლით და სიფათით რამდენად გამოდის ეს ყველაფერი,მაგრამ ცდაც ხომ საქმეა და მეც ვცდილობ ყოველთვის მადლობა შევწირო ღმერთს იმისთვის რაც მაქვს და იმისთვისაც რაც არ მაქვს.
თავისუფალ დროს ყოველთვის ვარჯიშს და ცურვას ვუთმობ. ბოლო დროს ხამანსკების დაჭერამ გამიტაცა,არ გვანან ჩვენებურ კალმახებს 🙂 სწრაფად კი ძვრებიან ქვიშაში მაგრამ მათი დაჭერა მაინც გაცილებით ადვილია.

დღისით მაღალი ტემპერატურის გამო,ღამის ცხოვრების რიტმი ისეთია რომ საბავშვო გსართობი ადგილებიც ღიაა დილამდე.მივდივარ კინოში,სადაც ინგლისურად გადის ფილმი,არაბული ტიტრებით და ჩემი ფავორიტი პოპკორნიც შემაქვს მიქსი ყველით და კარამელით. კინოს შემდეგ კიდევ შეიძლება სადმე გაისეირნო, ბარები,რესტორნები და პაბები 24 საათი მუშაობს. მაგრამ ხალხმრავალი ადგილების დიდი ფანი არ ვარ,თან სახლში მომეჩქარებოდა ერომ ეს დამეწერა. 🙂
დღეს რონალდინიოს და აიშვარია რეის ვილებს გამოვუარეთ.აიშვარია ხშირად შემხვედრია პალმის ქუჩებში მაგრამ…
აი რა ხდება,
ახლა შეიძლება შენი სახლის აივნიდან მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯხალიფა ჩანდეს და შენ თვალები დახუჭო,რათა წარმოიდგინო შენი ცხაასი წლის ჭადარი,როგორ დგას შენი პატარა ქალაქის თელავის მიწაზე და როგორ ზის მის ქვეშ ბოშა გიო,ბიჭი განგის ნაპირებიდან რომლის ჩახუტებას გენატრება.
და ხომ ვთქვი,არ მიყვარს ეს ემიგრანტული სენტიმენტალიზმი,უბრალოებას აფუჭებს.
როდის ვიძინებ?რა ვიცი აბა,ხან სამსახურში დიზარტის ტენდშიც მიმეძინება ხოლმე.დღევანდელი დღე კი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.ღამის პირველი საათი სრულდება და ყველაფერი რიგზეა…


 

რატომ ვირჩევთ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს