ბლოგიდღის ამბებიერთი დღე

ნანა ღვინაშვილის ერთი დღე…

,,პირველ რიგში მადლობა რომ დაინტერესდით ჩემით.
როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც ყოველი დღე უფლის საჩუქარია, ვარ შემოქმედი. ვწერ, ამიტომ დღის განმავლობაში წერას შესაბამის დროს ვუთმობ. მიყვარს სიცოცხლე. ვცდილობ, ყოველი დღე გავაფერადო, ადამიანებისგან მხოლოდ პოზიტივი მივიღო და იგივე გავცე.”

დილა,როგორც ადამიანთა უმრავლესობისთვის, ჩემთვისაც ფინჯანი ყავით იწყება. საქმეს ისე ვერ შევუდგები, თუ ჩემს მკითხველებს არ მოვეფერე, ადამიანებს რომლებიც მაფასებენ მეც და ჩემს შემოქმედებასაც. მათი თითოეული თბილი სიტყვა თითქოს სიცოცხლის დღეებს მმატებს. შევდივრ ჩემს სივრცეში, ჩემს გვერდზე და მაბედნიერებს მათი არსებობა. დღის განმავლობაში, როცა ამდენ სიყვარულს ვიღებ სრულიად უცხო ადამიანებისგან, განა მაქვს უფლება რომ მეც იგივე არ გავცე?

,,იმის გააზრება რომ ქმნი რაღაც ღირებულს, რითაც ადამიანის გულამდე აღწევ, საოცარი გრძნობაა. ხშირად ვისმენ, რომ ჩემს ლექსებში იგრძნობა ისეთი რამ, რაც ადამიანს აფიქრებს და გულის ყველა უჯრედს უხმაურებს. მიხარია თუ ამას ვახერხებ!”

30 წლის ასაკში 2000-მდე ლექსის ავტორი ვარ, დიდი ხანი არაა რაც ასპარეზზე გამოვჩნდი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვწერ, არასოდეს მქონია სურვილი ამის აფიშირება მომეხდინა, თუმცა 2020 – ში კოვიდის გამო არსებულმა მძიმე სიტუაციამ, ბევრ რამეზე დამაფიქრა. სწორედ მაშინ დავიწყე ლექსების გამოქვეყნება და საკმაოდ მცირე დროში მკითხველის გარკვეული რაოდენობა შემოვიკრიბე ჩემს ირგვლივ.
დროის უმეტესი ნაწილის გატარება კომპიუტერთან მიწევს. ამ ბოლო დროს, ხშირად ვარ ჩართული ონლაინ ტრენინგ კურსებში, კარგად ვმეგობრობ პროგრამებთან.

ვმუშაობ სახლიდან ერთ-ერთ ვებ-გვერდზე – mematiane.ge, რომელიც არაჩვეულებრივ ადამიანს, ბ-ნ დავით ფეიქრიშვილს ეკუთვნის, ბ-ნ დავითთან ერთად ვამუშავებ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომში მონაწილე გმირების ისტორიას და ასე მგონია მეც გავდივარ იმ ტკივილით სავსე გზას,რომელიც მათ გაიარეს.
ვცდილობ დრო ისე გავანაწილო რომ სულიერი საზრდოს მიღება შევძლო ხელოვან და შემოქმედ ადამიანებთან ურთიერთობით.
კალამმა ძალიან ბევრი საინტერესო და არაჩვეულებრივი ადამიანი გამაცნო. მინდა ლექსების კრებულის გამოცემა,თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ გარკვეული მიზეზის გამო,მაგრამ მჯერა რომ ადრე თუ გვიან ამ სურვილს ავიხდენ.

და ბოლოს, დღის მთავარ არსს მაინც ის ემოცია განსაზღვრავს გარშემომყოფებისგან რომ ვიღებთ, რომელიც ყოველდღიურად გვცვლის, გვაფიქრებს,გვზრდის, გვასწავლის და მიუხედავად გარშემო არსებული მრავალი პრობლემისა, გვარწმუნებს რომ სიცოცხლე მშვენიერია! მე ბედნიერი ვარ იმით რომ ირგვლივ საოცარი ადამიანები მყავს, რომლებიც დაუშრეტელ სითბოს, ძალას და იმედს მაძლევენ. იგივეს გისურვებთ ყველას.

საღამოს კი როცა საკუთარ მეს ვუღრმავდები, ვფიქრობ და ვაანალიზებ ამ კონკრეტული დღით რა ვისწავლე, ვის რაში დავეხმარე, რა იყო, როგორ იყო…. ვცდილობ ყველა იმ დეტალს ჩავებღაუჭო ,რაც პიროვნულად გამზრდის, ადამიანები ხომ ჩვენს შეცდომებსა და სწორ ნაბიჯებთან ერთად ვვითარდებით…

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close