ბლოგებიერთი დღემთავარი ამბები

ნატო მეგუთნიშვილის ერთი დღე…

0

,,ჩემი დღეები ერთნაირი არასდროს არის, ყოველდღიური სამსახურეობრივი რუტინის, თუ სახლში ფუსფუსის მოსაწყენი ჩარჩოების მიუხედავად. დღის მნიშვნელობას, შინაარსს, თუ ფორმას ის ადამიანები განსაზღვრავენ, რომლებიც იმ დღეს მხვდებიან: ზოგი ისე გაგიღიმებს, რომ მთელ დღეს ერთ დიდ, ბრდღვიალა მზედ გიქცევს, სულ რომ ანათებს და არ გწვავს; ან ვინმე ისეთი შეგხვდება, რომ იმ დილის გათენებას ინანებ… მაგრამ ხომ ასეთია ცხოვრებაც, -თავისი შუქ-ჩრდილებით და ამ ჩრდილებს, ბევრიც რომ ირბინო, ვერსად დაემალები…”


ტყუილს ვერ ვიტყვი, რომ დილით ადრე გაღვიძება მიყვარს, რადგან, როგორც წესი, ღამით გვიან ვიძინებ, მაგრამ დაძაბული მუშაობის რიტმი მოდუნების საშუალებას უბრალოდ არ მაძლევს. ამიტომ 8-9 საათზე, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ფინჯან ყავასთან ერთად ვფხიზლდები. ოთახის კართან, როგორც წესი, კატა მხვდება, რომელიც სულ პატარა გავზარდე. ჩვენი სახლის უსაყვარლესი, ფუმფულა ბინადარი, ზანტი ზმორებით, სამაზარეულოსკენ მიმიძღვება, დანაყრების მოლოდინში. მერე კი, ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანებს ვხვდები, ჩემ მშობლებს და პასუხს მთავარ კითხვაზე ვიღებ: ხომ კარგად არიან, რადგან სულ ავადმყოფობენ. ესაა ჩემი ცხოვრების ამ ნაწილის მთავარი სევდაც: სულ ვშიშობ, რომ ერთ დღესაც გამიქრებიან, მე კი, ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მათ გარეშე…

თუმცა ეს მხოლოდ წუთიერი სენტიმენტებია, რადგან ჩემი სამსახურები, ტელევიზია თუ უნივერსიტეტი, მუდმივად რეჟიმში და ფორმაში ყოფნას მოითხოვს, ცივ და ზუსტ აზროვნებას, ფიქრს, ზოგჯერ,-სხვების მაგივრადაც. განსაკუთრებული დრაივი მაინც ტელევიზიას აქვს: რესპონდენტები, პრობლემები, გადარბენა ერთი თემიდან მეორეზე. ამ ქაოსში კი, რომელსაც ყოველდღე ალაგებ, იმდენი გაჭირვებული ოჯახის სარკმელში იყურები, რომ შენც მძიმდები. თუმცა, ამ გავლენების და ემოციების მიუხედავად, აუცილებელია, რომ ცივი გონება შეინარჩუნო, ობიექტურობის გრძნობა არ დაკარგო და არავის მხარედ იქცე, მითუმეტეს, პოლიტიკაში.

მერე ყველას უმტკიცებ, რომ მთავარი არა პოლიტიკა, ეკონომიკა, ან სოციალური გაჭირვებაა, არამედ,- ადამიანობა, რომლის დაკარგვისაც ყველაზე მეტად უნდა გეშინოდეს, განსაკუთრებით, ამ დროში, როდესაც არ იცი, სად არის ამ ზოგჯერ უსამართლო ცხოვრების არა მოჩვენებითი, არამედ, რეალური ნაპირი, სადაც მიცურდები და უბრალოდ დაისვენებ.

ისე მოხდა, რომ ერთი სატელევიზო სეზონიდან-მეორეში ხშირად ახალი ჟურნალისტებით გადადიხარ, ან ბრუნდები. მერე გიხარია, რომ შენი შრომა წყალში არ ჩაიყარა და შენი გაზრდილები სხვადასხვა მედიასაშუალებებში ღირსეულად მუშაობენ. მათ პროფესიულ მანერებში ხან შენეულ ჟესტს ან გამოთქმას ამოკითხავ და ეს სრულიადაც არ გაღიზიანებს, პირიქით.. წელსაც ასეა: ჩემი ანანო და მარიამი, დამწყები ჟურნალისტები, რომლებიც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ახლა მათი დროა, ვცდილობ, ახლა მათ გავუზიარო ის, რაც მრავალი წლის განმავლობაში მისწავლია. მათაც ვუხსნი, რომ მთავარია, ობიექტურობის განცდა არ დაკარგონ და უფრო მთავარი კი, ადამიანობაა.

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ თელავი-აკურის სამარშრუტო მიკროავტობუსში ვჯდები და სახლში ვბრუნდები. ქვეყნის მთავარ ჭორ-მართალს, პრობლემას და გასაჭირსაც სწორედ იქ ვიგებ, რაც, ადვილი შესაძლებელია, მეორე დღეს ტელეეთერშიც კი მოხვდეს…

სახლში ენერგიისგან სრულიად დაცლილი მივდივარ და თუ ვახშმის და სხვა აუცილებელი პროცედურების შემდეგ, ტელევიზორს მოვწყდი, ჩემ წიგნს ვუბრუნდები, რომელსაც მალე დავასრულებ და რომელიც ჩემი მეორე საავტორო ნაწარმოები იქნება, ლექსების პირველი კრებულის შემდეგ. წიგნის სათაურად კი, ,,ოქტომბრის მზე“ შევარჩიე.

ჩემი ცხოვრების მთავარი ნაამბობი კი, ასე დაიწყება: ,,სულ სხვანაირი შემოდგომაა ესტონეთში“…

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close