დღის ამბები

რატომ ცხელა ?

რატომ ცხელა ?

ახლა, როცა უკვე ქალაქგარეთაც გაუსაძლისად ცხელა და ყველა მაცივრით თუ ცივი სასმელებით ვცდილობთ გაგრილებას, ალბათ, ბევრს გაწუხებთ შეკითხვა, თუ საერთოდ რატომ ვგრძნობთ სიცხეს და რა ბიოლოგიური თუ ფიზიკური მექანიზმებია ამაზე პასუხისმგებელი. ამ სტატიაში გარკვევით მოგიყვებით, თუ რატომ გვცხელა და რატომ მოგვდის ამ სეზონზე ამდენი ოფლი. იქამდე კი იმას განვიხილავ, თუ რატომ იმატებს ტემპერატურა ზაფხულში და საერთოდ, რას ნიშნავს ტემპერატურა.

რატომ იმატებს ზაფხულში ტემპერატურა

რა თქმა უნდა, დედამიწაზე წიაღისეული საწვავის წვის, ტყის ხანძრების თუ სხვა პროცესების შედეგად, ატმოსფეროში გაფრქვეული დამაბინძურებელი აირები კიდევ უფრო აძლიერებს დედამიწის სათბურის ეფექტს, რაც კლიმატის შეუქცვად ცვლილებებს იწვევს მთლი წლის მანძილზე. რაც შეეხება ზაფხულს, ამ სეზონზე დათბობა მზის გარშემო დედამიწის მოძრაობას უკავშირდება.

დედამიწის ორბიტის სიბრტყის მართობულად ვერტიკალური ღერძი რომ გავავლოთ, მის მიმართ დედამიწის დახრის კუთხე 23.5 გრადუსი იქნება. პლანეტის წარმოსახვითი ღერძი კოსმოსში ყოველთვის ერთ მხარესაა მიმართული, აქედან გამომდინარე, მზის გარშემო ორბიტაზე ბრუნვისას, გარკვეული დროის მანძილზე მზისკენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროა გადახრილი, სხვა დროს კი — სამხრეთ ნახევარსფერო. პირველ შემთხვევაში, მზის სინათლის უმეტესი ნაწილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ხვდება და იზრდება დღის ხანგრძლივობაც, რა დროსაც დედამიწას მეტი დრო აქვს სითბოს მზის ენერგიის მისაღებად, გასაგრილებლად კი — ნაკლები. საპირისპირო ხდება მაშინ, როდესაც სამხრეთ ნახევარსფერო გადაიხრება მზის მხარეს. აქედან გამომდინარე, 40 გრადუსიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით სეზონები ერთმანეთს არ ემთხვევა.

რამდენადაც ვიცით, დედამიწის ორბიტა იდეალურ წრეს არ წარმოადგენს და მას ელიფსური ფორმა აქვს — შესაბამისად ჩვენი პლანეტა წლის გარკვეულ დროს მზეს უახლოვდება, გარკვეულ დროს კი შორდება. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად განვმარტავ, რომ სეზონების ცვალებადობა მზესა და დედამიწას შორის მანძილის ცვლილებით არაა გამოწვეული. მეტიც, ჩვენი პლანეტა ვარსკვლავისგან ყველაზე მეტად ივლისშია დაშორებული, ყველაზე ნაკლებად კი — იანვარში. ივლისიდან იანვრამდე დედამიწა 500 მილიონი კილომეტრით უახლოვდება მზეს.

რა არის ტემპერატურა და რატომ გვცხელა

ნებისმიერი ფიზიკური ნივთიერება, რომელიც შეიძლება ტემპერატურით დახასიათდეს, ატომებისგან და მოლეკულებისგან შედგება. ისინი განუწყვეტლივ მოძრაობენ, თუმცა მოძრაობა მცირე მასშტაბებზეა, ამიტომ ადამიანის თვალისთვის მისი შემჩნევა შეუძლებელია.

როგორც ვიცით, მოძრავ სხეულებს ახასიათებთ მოძრაობის ენერგია — კინეტიკური ენერგია. იგი სხეულის მასისა და სიჩქარის კვადრატის პირდაპირპროპორციულია. აქედან გამომდინარე, რაც უფრო დიდი სიჩქარით მოძრაობენ ატომები და მოლეკულები, მით უფრო მეტია მათი კინეტიკური ენერგია და შესაბამისად, მეტია მათი ტემპერატურაც, რადგან ტემპერატურა მოლეკულის საშუალო კინეტიკური ენერგიის პირდაპირპროპორციულია.

ახლა კი მთავარ საკითხზე გადავიდეთ. როგორც ვიცით, ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურა 37°C-ია, აქედან გამომდინარე, შეიძლება იფიქროთ, რომ ამავე ტემპერატურის გარემო ჩვენთვის ნეიტრალური უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ასე არაა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის სხეულის ყველა ნაწილს ერთნაირი ტემპერატურა არ აქვს — ჩვენი ორგანიზმის მთავარი ნაწილის ტემპერატურა, სადაც ძირითადი ორგანოებია მოთავსებული, 37°C-ია, კიდურები ამ ნაწილთან შედარებით, რამდენიმე გრადუსით გრილია, კანი კი — კიდევ უფრო გრილია და 32°C ტემპერატურით ხასიათდება. თუმცა, რა თქმა უნდა, არც 32°C-ზე ვგრძნობთ თავს კომფორტულად.

ადამიანში, ნივთიერებათა ცვლის დროს, გვერდით პროდუქტად დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა და ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა გზებით მუდმივად ცდილობს ჭარბი სითბოს მოცილებას. ამიტომ, კომფორტულ ოთახის ტემპერატურად 18-21°C მიიჩნევა. როდესაც ის გარემო, სადაც ვიმყოფებით, ჩვენ კანთან შედარებით უფრო გრილია, კანიდან სითბო ჰაერის მოლეკულებს გადაეცემა. კონვექციის გზით ეს მოლეკულები გვშორდება და მათ ადგილს შედარებით გრილი ჰაერი იკავებს. თუმცა, როდესაც გარემო ჩვენ კანთან შედარებით კიდევ უფრო თბილია, მაშინ ჩვენს ორგანიზმს მეტი მუშაობა უწევს ზედმეტი სითბოს თავიდან მოსაცილებლად. შესაბამისად, ზაფხულში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 32°C-ს სცილდება, დისკომფორტი გვექმნება და სხვადასხვა გზებით ვცდილობთ როგორც თბილ ჰაერთან, ასევე მეტაბოლიზმის შედეგად დაგროვილ სითბოსთან გამკლავებას.

როგორ უმკლავდება ჩვენი ორგანიზმი სითბოს

სხეულის ტემპერატურას ტვინი აკონტროლებს. იმ შემთხვევაში, თუ ძალიან გცხელათ ან გცივათ, ტვინი კანს ნერვულ იმპულსებს უგზავნის, რაც ზრდის ან ამცირებს სხეულის ზედაპირიდან სითბოს კარგვას სამი შესაძლო გზით:

კანზე არსებულ თმას სითბოს ჩაჭერა შეუძლია. ამიტომ, როდესაც გცივათ, ეს თმა “ყალყზე დგება” და ამ გზით სხეულის გათბობას ცდილობს. საპირისპირო ხდება იმ შემთხვევაში, როცა გცხელათ და ორგანიზმი სითბოს მოშორებას ცდილობს.

ოფლიანობის დროს კანიდან, გაგრილების მიზნით, აორთქლება იზრდება (დაისველეთ ერთი ხელი და შეუბერეთ. ახლა იგივე გააკეთეთ მეორე მშრალ ხელზე. რომელი უფრო გრილია) იმ შემთხვევაში კი, როცა ცხელა და ამავდროულად ჰაერი ტენიანია, კანიდან აორთქლების პროცესი ნელდება, რადგან ჰაერში ისედაც საკმარისი წყლის მოლეკულაა. ოფლის გამოყოფა მაშინ წყდება, როდესაც სხეულის ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებელს უბრუნდება.

დაბოლოს, ტემპერატურის მატებისას ის სისხლძარღვები, რომლების კანს სისხლით ამარაგებს, ფართოვდება, რაც ორგანიზმიდან კანის მიამრთულებით მეტი სითბოს გადატანას უწყობს ხელს, აქედან კი მისი მოშორება უფრო მარტივია

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close