მთავარი ამბებისაზოგადოება

ადამიანის სექსუალობა მრავალფეროვანია…/ლგბტქ ადამიანების ცხოვრება რეგიონებში…

0

 

ადამიანის სექსუალობა, გენდერული იდენტობა და თვითგამოხატვა მრავალფეროვანი და კომპლექსური ფენომენია. ადამიანები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ ვის მიმართ განიცდიან რომანტიკულ ან სექსუალურ მიზიდულობას და როგორია მათი გენდერული თვითაღქმა.

დედამიწაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია (ვინ მიყვარს) და გენდერული იდენტობა (ვინ ვარ) აქვთ.

 

საზოგადოების მიუღებლობა, ძალადობის საფრთხე, თვითგამოხატვისა და ხილვადობის თავისუფლება, დასაქმების პრობლემა, ჯანდაცვის სერვისებზე მიუწვდომლობა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ლგბტქ ადამიანებს წინაშე დგას.

,,ლგბტქ ადამიანების ცხოვრება დედაქალაქშია ჯერკიდევ მძიმე და რეგიონებში უარესი იქნება. დღესაც ბევრი მალავს თავსი ორიენტაციას, სამწუხაროდ ეს ტენდენციად იქცა…”-ამბობს, ,,მთავარი ამბები კახეთთან” ტრანსგენდერი ქალი, რომლის ვინაობას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ.

ჩვენი რესპონდენტი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი ქალაქიდანაა. ახლა ის თბილისში ცხოვრობს. როგორც, ის საუბარში აღნიშნავს, საზოგადოებისგან დიდ ზიზღს და დამცირებას იტანს, რაც მისივე თქმით არასწორი დამოკიდებულებაა.
,,საზოგადოებას ვეტყოდი, რომ შეცვალონ დამოკიდებულება ლგბტქ ადამიანების მიმართ, რადგან ეს ადამიანები არის თქვენი ნაწილი და ნუ აიგივებენ განსხვავებულ ორიენტაციას ან გენდერს გარყვნილებასთან, ჩვენც გვაქვს ნიჭი, უამრავი ლამაზი იდეა, ჭკუა და შესაძლებლობა.
ეს არის რესურსი, რომელიც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და თუ საზოგადოება დაძლევს ჩვენს ზიზღს ჩვენ ვიქნებით ძალიან ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. აღარ მოგვიწევს ადამიანებს ქვეყნიდან გაქცევა, თუნდაც ჩემი შრომა და ცოდნა არ მოხმარდება სხვა ქვეყანას. დავეხმაროთ ერთმანეთს უკეთესი ცხოვრებისთვის. ნუ მიაფურთხებთ სხვის შვილს და ნუ დაუნგრევთ სხვა ადამიანებს ცხოვრებას. თქვენი ზიზღის გამო რომელიც ჯერ ვერ გაგიგიათ რა არის.”-ამბობს, ტრანსგენდერი ქალი ჩვენთან საუბრისას.

როდის გქონდა ქამინგაუთი და რა შეიცვალა მას შემდეგ შენს ცხოვრებაში?რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდი და როგორ უმკლავდებოდი და უმკლავდები არსებულ წინააღმდეგობებს?

,,ქამინგაუთი მე არც მაცადეს, ყველა თავად მაქამინგაუთებდა. მე არც ვიცი, ვინიყო ეს ხალხი, ან რატომ არჩევდნენ ჩემს ცხოვრებას? რატომ მაყენებდნენ ამხელა დარტყმებს ვერ ვხვდები.
მაშინ როდესაც ჩემი გენდერი დავუკავშირე ჩემს თვითგამოხატვას და შევქმენი ჩემგან ტრანსგენდერი ქალი, აღმოვაჩინე რომ საზოგადოება იმაზე სასტიკი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.
სამსახურზე ფიქრი დღესაც წარმოუდგენელი მგონია, სექსსამუშაოა ერთადერთი გზა საარსებო, რაღათქმაუნდა ჩემს ქალაქში არც ეს გამოპარვია არავის და მამას ამბავი მიუტანეს შენი შვილი ქუჩაში დგასო, ამის გამო ლამის ინფარქტი მიიღო მამამ და შური კვლავ დედაზე იძია. დედა ისეთი ნაცემი იყო, ბიულეტინი აიღო სამსახურში რადგან, ჩალურჯებული ვერ წავიდოდა.
დასაქმებაზე ამ ბოლო პერიოდში ერთერთ ტაქსოკომპანიაში სივი გავგზავნე, მძღოლებს ეძებდნენ და დამსაქმებელმა რომ აღმოაჩინა ჩემს საბუთებში სქესის ჩანაწერი მამრობითი, მიხვდა, რომ ტრანსგენდერი ვიყავი და სივი უკან გამომიგზავნა. არამარტო დამსაქმებლები არამედ ბინის გამქირავებელი ე.წ. მაკლერებიც თავს გარიდებენ, რომ იგებენ ტრანსი ხარ.”-იხსენებს ტრანსგენდერი ქალი.

როგორ შეხვდა თქვენი ოჯახი და მეგობრები თქვენს გადაწყვეტილებას? ვისი თანადგომა მიიღე პირველად…

,,თანადგომა მხოლოდ დისგან მივიღე და ამ ბოლო დროს ერთი ორი კლასელისგან, აგრეთვე რამოდენიმე ძველი დროის მეგობარმა არ მკრა ხელი, ასევე მამიდაშვილი ძალიან დადებითად განეწყო რაც მნახა და მას მერე მხარდაჭერას მიცხადებს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ტრანსგენდერობამდე ვინც მაფასებდა და პატივს მცემდა, რატომღაც შევზიზღდი უმრავლესობას .”

როგორია ლგბტქ ადამიანების ცხოვრება რეგიონებში?

,,როგორც იცით, კახეთიდან ვარ. მანდ დავიბადე და გავიზარდე. მიწასთან მასწორებდნენ ჩემი ფემინურობის გამო. სკოლა ისე დავამთავრე საპირფარეშოში მხოლოდ გაკვეთილზე ვეთხოვებოდი. შესვენებაზე კლასიდან გასვლაც მიჭირდა, ხშირად შემოვლითი გზითაც კი დავდიოდი სკოლაში, რადგან ჩემი ფემინურობის გამო ძალიან ხშირად მისწორდებოდნენ ფიზიკურად თანატოლები. ეს ხდებოდა 2000-2009წლებში. ძალიან ბევრი რამის გახსენება ეხლაც ტკივილს მაყენებს. სკოლის დამთავრების შემდეგ, ვცდილობდი თბილისსში გაქცევას, რადგან ზრდასრულ ასაკში ყველა ჩემსკენ იშვერდა თითს, მიგონებდნენ უამრავ ჭორებს, რის გამოც ოჯახში ხშირი იყო ფიზიკური ძალადობა მამის მხრიდან დედაზე, ბოლოს იმდენად რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ საბოლოოდ დავტოვე ოჯახი. მათთვის არასოდეს გამიმხელია ჩემი იდენტობა, ამ თემაზე მე არასოდეს ვსაუბრობდი არავისთან .”

როგორ ხედავენ რეგიონში ლგბტქ ადამიანების ცხოვრებას კახეთის რეგიონში, შემთხვევითი პრინციპით გამოკითხული რესპონდენტები, არაერთგვაროვნად პასუხობენ.

,,ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, იქ სადაც ტრადიციების მიმდევარი ხალხი ცხოვრობს, ვფიქრობ რთულია ამ თემის წევრების მიმღებლობა მარტივად, თუმცა მე პირადად არც მაღიზიანებს და არც გართულება მაქვს. მთავარია, მკვეთრად აფიშირება არ მოახდინონ და ზედმეტი ყურადღება არ მიიქციონ თავშეყრის ადგილებში, ან უფრო მეტად ასაკიან ხალხთან ერთად, ხომ იცით მაინც…”-ამბობს, 24 წლის გოგონა კახეთიდან.

წინა რესპონდენტთან შედარებით განსხვავებული აზრი, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა დააფიქსირა, სადაც საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულებაზე საუბრობს.

,,მიმაჩნია, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობის წახალისებას ხელს უწყობს თვითონ საზოგადოების არაადეკვატური რეაგირება მათი დანახვისას. რამდნჯერმე პირადადაც შევსწრებივარ ასეთ ფაქტს, თბილისში. რეგიონში რა გითხრა, აქ უფრო ნაკლებად ვამჩნევთ მსგავს შემთხვევებს, რადგან ქალაქისგან განსხვავებით, სოფლებში და რეგიონებში სიტუაცია უფრო მეტად მძაფრია ყოველთვის. ასევე ის, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან, დიდად არაფერი არ ხდება.
ისე კი, კარგი იქნება საზოგადოებისგან, ზოგადად ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, მათ შორის , ლგბტ ადამიანების უფლებებით და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება. “

2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ლგბტქ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.

საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ
2020 წელი“პანდემიის ფონზე, ლგბტ+ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევების გართულების მიუხედავად, მათი სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა”, — ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით:

2020 წელს, თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე, კორონავირუსთან დაკავშირებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა.
პანდემიით გამოწვეული ობიექტური დაბრკოლებების მიღმა, ვხვდებოდით მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფებს უთანასწოროდ მიემართებოდა.
თანასწორუფლებიანობის მხრივ ყველაზე მეტი დაბრკოლება ამ საანგარიშო პერიოდშიც
ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ. 2020 წელს სახალხო დამცველმა
სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა განიხილა, საიდანაც 18%
სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა, 9% შეზღუდული შესაძლებლობის
ნიშნით დისკრიმინაციას, ხოლო განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური
შეხედულების გამო უთანასწორო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მომართვიანობის
მაჩვენებელია 12% და 9%.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული გამოწვევები კვლავ აქტუალურია.

როგორც ხედავთ, სექსუალობა და გენდერი იმაზე გაცილებით კომპლექსურიმრავალფეროვანი ფენომენია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ის. ადამიანის თვითგამორკვევის ფუნდამენტური ნაწილია. ყველა ადამიანი გარკვეულ, ინდივიდუალურ იდენტობას ატარებს. თუმცა ბუნებრივია ისიც, რომ ზოგიერთი ინდივიდი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას არც ერთი სექსუალობის ნიშნით ახდენს და თავს იკავებს რომელიმე იარლიყის ქვეშ მოქცევისგან.

სხვის იდენტობაში გარკვევა და მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა მარტივი სულაც არ არის. მთავარია გვახსოვდეს რომ იმის მიუხედავად თუ რა გენდერულ იდენტობას ვატარებთ და ვინ გვიზიდავს სექსუალურად თუ რომანტიკულად, ყველა თანაბარ უფლებებსა და პატივისცემას იმსახურებს.

სახელმწიფოს პასუხიმგებლობაა, გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ჰომო/ბი/ტრანსფობიის შემცირებას და საზოგადოებაში მიმღებელი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანები, იმის მიუხედავად, თუ რა გენდერულ იდენტობას ვატარებთ და ვინ გვიზიდავს სექსუალურად თუ რომანტიკულად, ვიქნებით თანასწორნი და გვექნება უფლება დისკრიმინაციის გარეშე მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში…

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close