დღის ამბებიერთი დღე

ლალი გულიაშვილის ერთი დღე

სიამოვებით მივიღე შემოთავაზება – ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან… არც ვრცლად მინდა დავწერო და სულ რამდენიმე სიტყვაში უნდა ჩავტიო მთელი ჩემი ერთი დღის ცხოვრება. არც წარსულს გავიხსენებ თავისი ტკბილი, თუ ტკივილიანი ცხოვრებით……..

ძილი ბავშვობიდან არ მიყვარს, სიკვდილთან ვაიგივებ. მითუმეტეს ახლა, როცა მარტო მე და ფიქრი ვცხოვრობთ ერთად. ვიძინებ ისე, როგორც ამბობენ: “ერთი ძილი წყალსაც ეძინებაო”. ადრე ვიღვიძებ. პირველი უფალს მადლობას ვწირავ, კიდევ მჩუქნის ერთ დღეს. ლოცვას ვკითხულობ, ყველას კარგად ყოფნას და მშვიდობას შევთხოვ. ადრე ვერ ვრეკავ შვილებთან, არ შევაწუხო. მიხარია ის წუთი, როცა ზარს პასუხობენ და კარგად არიან. კომპიუტერის მწვანე სულ პაწაწინა რგოლები მიყვარს, ჩემი შვილების ახლობლების სამეგობროს არსებობას მამცნობს და პოზიტიურად ვდგები აუცილებლად…

მიხარია ჩემს საყვარელ ქალაქში, თელავში, ვიღვიძებ და ფიქრით უკვე ქალაქში გასულს რამდენი ადამიანის ლამაზი ღიმილი და სიყვარული შემხვდება. მუდამ სითბოზე, სიყვარულზე, ადამიანების კეთილგანწყობაზე. სიახლეები მიხარია, ვნერვიულობ ქვეყნის ბედზე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი… სამსახური მაქვს, თეატრი ჩემთვის ყველაფერია, მხოლოდ სამსახური არაა იქ კიდევ სხვა ჩემეული ჩუმი სევდა მაკავშირებს. სულ რომ არ ვიყო საჭირო, მივდივარ, რომ იმ სევდას შევეხმიანო…..



კარგი ფსიქოლოგიც ვარ, ვაკონტროლებ ჩემს თავს ყოველი დღის სიტუაციაში…
მიყვარს ყველა და ყველაფერი, რაც სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ვათვალიერებ ჩემს ქალაქს, ბედნიერი ვარ რომ აქ იწყება ჩემი დილა..ფიქრით მთელი ქალაქის მოსახლეობასთან ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ძალიან მიყვარს ეს ადამიანები, მახარებს ყველას შეხვედრა და არსებობა. ასე სავსე უარყოფითით თუ დადებითით ვბუნდები ჩემს ოჯახში, სადაც ისევ მთელ დღეზე ვფიქრობ რა მოხდა. ეს რეალობაა ჩემი. რთულია გულწრფელი იყო, მაგრამ სასიამოვნო..

მტკივა ყველაფერი, რაც უნდა სტკიოდეს და უხაროდეს ადამიანს, თუნდაც ერთ დღეში. ყოველი გასული წამი დანაკლისია სიცოცხლის და განვიცდი. მინდა მეტი სიყვარული გავიღო. ნამდვილად ვფიქრობ ყოველდღე ვმუშაობდე ისეთ სამსახურში, სადაც მეტ სითბოს, სიყვარულს და დახმარებას ვაჩუქებ ადამიანებს…
და ბოლოს, საინტერესოა სამყარო და მინდა მოვასწრო იმ ადამიანების სიყვარული, ვისაც ჯერ კიდევ არ ვიცნობ! მადლობა უფალს, რომ სამყაროში სადაც ამდენი სიკეთე, სიყვარული და სილამაზეა, მეც დიდი სიყვარულით დამასაჩუქრა…
უსიყვარულოდ არცერთი დღე არ ვცხოვრობ, ყველა მიყვარხართ. არ ვიცი, იქნება თუ არა შემდეგი წუთი. ყოველი დღე ჩემია და მე ვცდილობ იყოს პოზიტიური!

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close