საზოგადოება

როგორ გავლენას ახდენს კოფეინი ჩვენს ორგანიზმზე

0

დაფიქრებულხართ, რომელია ყველაზე პოპულარული და ფართოდ მოხმარებადი ნივთიერება მსოფლიოში? გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ეს კოფეინი და მისი შემცველი პროდუქტებია. მისი მიღებისას ზომიერების დაცვა რთულია, თუმცა აუცილებელი.

იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენად გჭირდებათ მისი მოხმარების შეზღუდვა, გაეცანით ჩვენს სტატიას.

კოფეინი წარმოადგენს ბუნებრივ მასტიმულირებელ საშუალებას, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ჩაიში, ყავასა და კაკაოს მცენარეებში. აღნიშნულ პროდუქტებზე ხშირად საუბრობენ უარყოფით კონტექსტში, რადგან გავლენას ახდენს ძილის რეჟიმსა და შფოთვაზე.

როგორ “მუშაობს” კოფეინი?

მოქმედების ციკლი ასე გამოიყურება:

მიღების შემდეგ, კოფეინი სწრაფად შეიწოვება ნაწლავიდან სისხლში.

ამ გზით აღწევს ღვიძლამდე და იშლება ნაერთებად, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მუშაობაზე. მისი ძირითადი სამიზნე ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემაა. სწორედ მათი სტიმულირებით აფხიზლებს ორგანიზმს და ეხმარება დაღლილობის დაძლევაში.

ალბათ გაგიგიათ ადენოზინი. ეს ის ნეიროგადამცემია, რომელიც ამშვიდებს ტვინს. კოფეინი სწორედ ადენოზინის მოქმედების დაბლოკვას ახდენს.

ჩვეულებრივ, ადენოზინის დონე იზრდება დღის მანძილზე, სწორედ ამიტომ გრძნობთ სულ უფრო მეტ დაღლას დროთა განმავლობაში და საღამოსკენ ძილი გერევათ.

კოფეინს ასევე შეუძლია გაზარდოს ადრენალინის დონე სისხლში. ქმედებათა ეს კომბინაცია კიდევ უფრო ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას და ხელს უწყობს აღგზნების, სიფხიზლისა და ყურადღების კონცენტრირებას.

კოფეინის მიღების შემდგომ, შეიძლება, განწყობა გაგიუმჯობესდეთ.

ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ადენოზინის მოქმედების შემცირება იწვევს სხვა სასიგნალო მოლეკულების, მაგალითად, დოფამინის და ნორეპინეფრინის ფარდობით ზრდას, რაც განწყობის ამაღლებით და ტვინის უკეთ ფუნქციონირებით გამოიხატება.

კოფეინმა, შესაძლოა, დააჩქაროს მეტაბოლიზმი და ცხიმების წვა.

როგორც თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, კოფეინმა, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირების უნარის გამო, შესაძლოა გაზარდოს მეტაბოლიზმი 11% -მდე და ცხიმების წვა 13% -მდე.

შესაძლოა დაგიცვათ გულის დაავადებებისა და დიაბეტისგან.

ფაქტებზე დაფუძნებული სამედიცინო კვლევები გვიჩვენებს, რომ კოფეინი გულის დაავადებების რისკს 16–18% –ით ამცირებს ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ 1–4 ფინჯან ყავას (დაახლოებით 100–400 მგ კოფეინს).

ყავის მოხმარებას უკავშირებენ ჯანმრთელობისთვის რამდენიმე სარგებელს:

მაგალითად კოფეინის დოზირებული მიღებისას, მცირდება პარკინსონის დაავადების, 2 ტიპის დიაბეტის, ღვიძლის სხვადასხვა პათოლოგიისა და გულის შეტევის რისკები.

გაითვალისწინეთ, ყავა, ზოგი ადამიანის შემთხვევაში, წნევის აწევას იწვევს, ამიტომ განსაკუთრებით სიფრთხილით მოხმარებას საჭიროებს.

კოფეინის რა რაოდენობაა ჭარბი?

400 მილიგრამამდე კოფეინის მიღება დღის განმავლობაში, ითვლება ოპტიმალურ დოზად ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანებისთვის, ეს დაახლოებით 4 ჭიქა მოხარშულ ყავას, 10 ქილა კოლას ან ორ ენერგეტიკულ სასმელს უდრის. რა თქმა უნდა, კოფეინის შემცველობა სხვადასხვა სასმელში განსხვავებულია და ვსაუბრობთ სტანდარტულ შემთხვევაზე.

დღეში 4 ჭიქაზე მეტი ყავის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • თავის ტკივილი
  • ინსომნია
  • ნერვული გაღიზიანება
  • ხშირი ურინაცია

ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ ის ადამიანები, ვინც რეგულარულად არ მოიხმარს კოფეინს, გაცილებით უფრო მგრძნობიარეები არიან მისი მიღებისას, თუნდაც ერთჯერადად და გაცილებით დიდი სიფრთხილე მართებთ. გაითვალისწინეთ, სულ რაღაც სამი დღეა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი კოფეინზე დამოკიდებული გახდეს!

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close