ონლაინ მედია “მთავარი ამბები კახეთიდან” – mak.ge, გთავაზობთ ინტერვიუს თელავის მერთან – შოთა ნარეკლიშვილთან.
კითხვა: – გთხოვთ შეაფასოთ თქვენი მერად მუშაობის რვა თვიანი პერიოდი.
პასუხი: – რამდენიმე თვეა გასული რაც მე ამ პოზიციაზე ვმუშაობ. ეს საკმაოდ მცირე პერიოდია იმ პრობლემებთან შედარებით, რომლებიც მუნიციპალიტეტში არსებობს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ძირითად მიმართულებებზე მუშაობა, საიდანაც გამოვყოფდი ინფრასტრუქტურას. ის პროექტები, რომლებიც დაწყებული გვაქვს, წლის ბოლომდე ჩვენ წარმატებით დავასრულებთ.
კითხვა: – ცნობილია, რომ თქვენ 2014 წლამდე მუშაობდით კერძო სექტორში, კერძოდ – საბანკო სისტემებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საქრთველოს ფოსტასა და ა.შ. საინტერესოა პირველად როდის დაინტერესდით პოლიტიკით და რა იყო ძირითადი მოტივი?
პასუხი: – 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს მე გახლდით საქართველოს ფოსტის რეგიონალური კოორდინატორი კახეთის რეგიონში. არჩევნების პერიოდში მე მქონდა შემოთავაზება მმართველი გუნდისგან-ქართული ოცნებისგან, გავმხდარიყავი საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, რაზეც დავთანხმდი და სამ წელიწად ნახევრის განმავლობაში მე გახლდით ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი.
კითხვა: – თვლით ახლა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი ხართ?
პასუხი: – რა თქმა უნდა, მერი პოლიტიკური თანამდებობის პირია.
კითხვა: – წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდით, რომ თქვენი ძირითადი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა და ტურიზმის განვითარება იქნებოდა, იქნებ გვითხრათ კონკრეტული პროექტები, რომლებიც თქვენი მერად არჩევის შემდეგ განხორციელდა?
პასუხი: – ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურა და სამწუხაროდ, ძალიან დიდი პრობლემებია მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის კუთხით. ჩვენ, უკვე, დაწყებული გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები. წლის განმავლობაში განხორციელდა რამდენიმე ქუჩის სრული რეაბილიტაცია ქალაქ თელავში, ასევე თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში დასრულდა გზის რეაბილიტაცია, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მინდა გითხრათ, რომ ამ თვის ბოლოს ის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის ჩვენი მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი, წელს უკვე დაიწყებს განხორცილებას. ჩვენ უკვე ველოდებით ოფიციალურ სატენდერო შედეგებს, რის შემდეგაც გავაფორმებთ ხელშეკრულებებს და დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტები.
კითხვა: – თქვენი მერად არჩევის შემდეგ თუ განხორციელდა საკადრო ცვლილებები და იყო თუ არა კვალიფიციური კადრის პრობლემა მუნიციპალიტეტში?
პასუხი: – 2017 წლის არჩევნების დროს გაერთიანდა ორი მუნიციპალიტეტი და აქედან გამომდინარე, ამ დროს მოქმედებდა კანონით განსაზღვრული მობილობის წესი, რომლის დროსაც გაერთიანების შემდეგ, მუნიციპალიტეტში დასაქმებულების 95% შეირჩა ძველ მუნიციპალიტეტში მომსახურე თანამშრომლებისგან. რამდენიმე ადგილზე შევარჩიეთ ახალი კადრი, რაც მოხდა მათი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით.
კითხვა: – რას ფიქრობთ თვითმმართველი ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით, თქვენ რომ მაშინ საკრებულოს სხდომებს დასწრებოდით მხარს დაუჭერდით თითმმართველი ქალაქის სტატუსის დაკარგვას?
პასუხი: – მე სამწუხაროდ იმ საკრებულოს სხდომას არ ვესწრებოდი. მე, როგორც მაშინდელ ქალაქის დეპუტატს, ჩემი პირადი აზრი შეიძლება მქონოდა, რომ ქალაქი თელავი დარჩენილიყო თითმმართველ ქალაქად, თუმცა ეს იყო მთლიანობაში გუნდის გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირე. თუმცა სამწუხაროდ მე არ ვესწრებოდი საკრებულოს სხდომას. ის დანაპირები კი, რომლეიც იყო მაშინ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რომ გაერთიანების შემთხვევაში ბიუჯეტი, რომელიც ამ ორ მუნიციპალიტეტეს გააჩნდა თავისდროზე ცალ-ცალკე, დარჩებოდა გაერთიანებულ მუნიციპალიტეტეში, ეს პირობა შესრულდა ხელისუფლების მიერ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ბიუჯეტი გვაქვს გაერთიანებული და ის გამოწვევები, რაც არის მუნიციპალიტეტის წინაშე ინფრასტრუქტურის მხრივ, ამ ეტაპზე სრულდება.
კითხვა: – თქვენ ხართ ინიციატორი მუნიციპალიტეტში თემატური საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის, რაც ღიაობას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გაზრდის. გამოდის, რომ ამით მხარს უჭერთ პრობლემური საკითხების ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტას. ახლა, როცა თელავი აღარ არის თვითმმართველი ქალაქი, როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება საბჭოების არსებობა? და რომელ რეკომენდაციას გაიხსენებდით, რომელიმე საბჭოს ან სამოქალაქო სექტორის მიერ მოცემულს რაც თქვენ და თქვენმა გუნდა გაითვალისწინეთ?
პასუხი: – მე ჩემი მთლიანი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მოვუწოდებდი მოსახლეობას და ეს იყო ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომ მაქსიმალურად გაიზრდებოდა მოსახლეობის ჩართულობა. მინდა გითხრათ, რომ ძირითადი პროექტები, რომლებიც დაგეგმილია და ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტში, ეს არის ზუსტად მოსახლეობის ინტერესებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. მინდა გითხრათ, რომ ყველა პრობლემას ერთბაშად ვერ მოვაგვარებთ პირველივე წელს, თუმცა თვითონ მოსახლეობასთან საუბრებით ჩვენ გავარკვიეთ ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც აწუხებთ სოფელსა და ქალაქში. ჩვენ ზუსტად ამ მიმართულებით დავიწყეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
კითხვა: – არსებობს თუ არა მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო?
პასუხი: – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უკვე ფორმირების პროცესშია და გვექნება უახლოეს მომავალში.
კითხვა: – საბჭოს მიმართ მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა სკეპტიკურად არის განწყობილი და მიაჩნიათ, რომ მისი დაკომპლექტება არ ხდება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებით, რაც მის არაეფექტურობას იწვევს. მაინტერესეს რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საბჭოს წევრობის კანდიდატი?
პასუხი: – გარკვეული კრიტერიუმები არ არსებობს. გვინდა, რომ ყველა ინტერესის და ყველა სფეროს წარმომადგენელი იყოს ამ საბჭოში. ეს იქნება კერძო სექტორი, არასამთავრობო სექტორი, მასმედია, ახალგაზრდები. ჩვენ გვინდა საბჭოში წარმოდგენილი გვყვავდეს ადამიანები ყველა მიმართულებით.
კითხვა: – ჩვენ მიერ თელავში გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ტვინების გადინებას ასახელებს. თქვენ რას ფიქრობთ რა არის ახალგაზრდა ნიჭიერი კადრის შიდა თუ გარე მიგრაციის მიზეზი და როგორ ხედავთ თქვენ როლს პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით?
პასუხი: – გეთანხმებით, გარკვეული მიმართულებით ჩვენც წავაწყდით პროფესიონალი კადრის ნაკლებობას. ეს ალბათ მარტო თელავის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემა არ არის, არამედ ზოგადად რეგიონებისთვის დამახასიათებელ პრობლემას წარმოადგენს. მე ვისურვებდი, რომ ის რესურსი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდების სახით გვყვავს მუნიციპალიტეტში, სასურველი იქნება, რომ განათლების მიღების შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდნენ მუნიციპალიტეტს, თავიანთ ქალაქს, სოფელს და თავიანთი ცოდნა მოახმარონ საკუთარი მხარის, ქალაქის თუ სოფლის განვითარებას.
კითხვა: – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 19 ოქტომბერს დაამტკიცა მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის სტრატეგიის დოკუმენტი, რატომ არ აღმოჩნდა შედეგის მომტანი და კიდევ რა ღონისძიებებია გასატარაბელი?
პასუხი: – ეს ცოტა არ იყოს ფართო პრობლემაა, ერთბაშად ინტერვიუში შეუძლებელია ამ პრობლემის შინაარსზე და ამოხსნაზე ვისაუბროთ. თუმცა გეთანხმეით, რომ ნამდვილად სამწუხარო რეალობაა.
კითხვა: – თელავში გამოკითხული მოქალაქეები კიდევ ერთ დიდ პრობლლემად მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობას ასახელებენ. თქვენ თუ აპირებთ მოაგვაროთ ეს პრობლემა?
პასუხი: – გეთანხმებით, ერთ-ერთი დაპირება და ერთ-ერთი სურვილი ესეც იყო ჩემ წინასაარჩევნო პერიოდში. მუნიციპალური ტრანსპორტი მართლაც სასიცოცხლოდ ესაჭიროება მუნიციპალიტეტს. ჩვენ ამ კუთხით უკვე ვმუშაობთ ხელისუფლებასთან და სამინისტროსთან. სამწუხაროდ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მუნიციპალიტეტს მთლიანად საკუთარი ხარჯებით არ შუძლია, რომ მოაწესრიგოს მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა, თუმცა იმედი მაქვს, ახლო მომავალში ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას.
კითხვა: – როგორია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკადრო პოლიტიკა, რამდენი თანამდებობის პირია დანიშნული საკუთარი სპეციალობით?
პასუხი: – მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ თანამშრომლების 95% შერჩეულია გაერთიანებული ორი მუნიციპალიტეტიდან. მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება და სტაჟი გააჩნიათ მუნიციპალიტეტში მუშაობის. მე ვთვლი, რომ საკმაოდ კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული თელავის მუნიციპალიტეტი.
კითხვა: – ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ ამ ქალაქში?
პასუხი: – გაღიზიანებით შეიძლება არა, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მუნიციპალიტეტმა, მერიამ და მოსახლეობამ ერთობლივად იზრუნონ თავის ქალაქზე, თავის სოფელზე და მთლიანად მუნიციპალიტეტზე. მე მინდა, რომ მივმართო ჩვენ მოსახლეობას დანაგვიანების პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ცუდ ფაქტებს ვაწყდებით ქალაქშიც და სოფლებშიც, სადაც ხდება ტერიტორიების დანაგვიანება. წლევანდელ ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა გვაქვს გათვალისწინებული დასუფთავების კუთხით. ჩვენი კეთილმოწყობის სამსახური საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს და მაინც ხდება მოსახლეობის მხრიდან დანაგვიანება და მე კიდევ ერთხელ მექნება თხოვნა ჩვენი მოსახლეობის მიმართ, რომ თავისი ქუჩის, სახლის ტრიტორიის მიმართ, თავისი სოფლის, ქალაქის მიმართ გამოიჩინონ უფრო მეტი პატივისცემა და ნუ დაანაგვიანებენ. არის კიდევ სხვა მიმართულებები, სადაც გვინდა მოსახლეობა უფრო მეტად იყოს ჩართული მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, ასე რომ მე იმედი მაქვს ჩვენი მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ინიციატივას, რომელიც ჩვენი მხრიდან მომდინარეობს და ჩვენ ერთად შევძლებთ დღეისთვის არსებული პრობლემების მოგვარებას.
კითხვა: – ის რაც არ მოგწონთ და გინდათ რომ შეცვალოთ?
პასუხი: – ზოგადად ძალიან ბევრი პრობლემაა მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ, თუმცა ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში წელსაც, მომავალ წელს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შევეცდებით პრობლემების მოგვარებას. თუმცა მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, რომ უფრო მეტი ჩართულობა გამოიჩინონ გარემოს კეთილმოწყობის თვალსაზრისით. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ერთ- ერთი საუკეთესო მუნიციპალიტეტი გვქონდეს.
კითხვა: – როგორ გგონიათ 4 წელი არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ შეცვალოთ მუნიციპალიტეტეში ყველაფერი ის რისი გაკეთებაც გსურთ?
პასუხი: – ყველაფრის შეცვლა საკმაოდ რთულია. როგორც უკვე აღვნიშნე, პრობლემები საკმაოდ ბევრია. მე ვფიქრობ, რომ ოთხი წელი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად არასაკმარისია. ჩვენ შევეცდებით ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ის გამოწვევები და ის ძირითადი პრობლემები, რაც გვაქვს დღეისთვის, ამ ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად შევძლოთ, რომ აღმოვფხვრათ.
კითხვა: – ისე სხვათაშორის მერის სამი მოადგილიდან არც ერთი არ არის ქალი და გენდრული ბალანსის საკითხთან დაკავშირებით რა აზრის ბრძანდებით?
პასუხი: – გეთანხმებით, მერის სამი მოადგილე გახლავთ მამაკაცი, თუმცა ჩვენთან სამი სამსახურის ხელმძღვანელი არის ქალი. ესენი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სამსახურები და გადაწყვეტილების მიმღებები არიან ქალბატონები. ასევე განყოფილებების ხელმძღვანელობის უმეტესობა გახლავთ ქალბატონი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობებია. მთლიანობაში მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობიდან მინდა გითხრათ, რომ 70-75% არის ქალბატონი, რაც გენდრეული ბალანსის კუთხით საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება.
კითხვა: – ერთი ინიციატივა რაც გახსენდებათ თქვენი საკრებულოს დეპუტატობის დროს წამოყენებული?
პასუხი: – მე გახლდით საკრებულოში ინფრასტრუქტურული და სივრცითი მოწყობის კომისიის წევრი. მაშინ ჩვენი კომისიის წევრების მიერ მოხდა ინიცირება პარკირების ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. იმ ეტაპზე გარკვეული დასკვნაც დაიდო და იმის მიხედვით მოხდა პარკირების წესების დამკვიდრება ქალაქში, თუმცა დღევანდელ ჩვენ საკრებულოშიც არის შექმნილი კომისია, რომელიც საბოლოო დოკუმენტზე მუშაობს და მე იმედი ამქვს, რომ ძალიან მალე გვექნება სრულყოფილი დოკუმენტი პარკირებასთან დაკავშირებით.
კითხვა: – 2012 წლის 1 ოქტომბერს გახსოვთ ხმა ვის მიეცით?
პასუხი: – რა თქმა უნდა.
კითხვა: – და ბოლო კითხვა: რა გინდოდათ გამოსულიყავით სკოლას რომ ამთავრებდით?
პასუხი: – სკოლას რომ ვამთავრებდი სიმართლე გითხრათ მინდოდა წავსულიყავი ფინანსური მიმართულებით და შემდეგ რეალურ ცხოვრებაში ეს განხორციელდა. ათ წელიწადზე მეტი მე ვიმუშავე საბანკო სექტორში, სხვადასხვა ბანკში და მინდა გითხრათ, რომ ის გამოცდილება ძალიან მეხმარება დღესაც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში.