განტვირთვაკულტურა

ნათლისღების დავიწყებული ტრადიციები – როგორ აღნიშნავდნენ ადრე ამ დღეს საქართველოში

0

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია აღინიშნავს ნათლისღებას ანუ წყალკურთხევას. ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება, ძველთაგანვე მორმწუნენი აგროვებენ წმიდა წყალს, რადგან ითვლება, რომ იგი მთელი წლის განმავლობაში არ იხრწნება და აქვს სამკურნალო ძალა.

ამ დღეს ღვთის გაცხადებაც ეწოდება, რადგან სწორედ მაშინ გაცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ციდან კი ისმოდა მამის ხმა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ნათლისღების დღესასწაულს თან ახლდა განბანვის რიტუალი. საქართველოს სოფლებში მღვდლის მიერ ხდებოდა მდინარის ან ტბის კურთხევა, მორწმუნენი ჩადიოდა წყალში და ნათლისღების ტროპარს გალობდნენ.

უძველესი დროიდან ხალხში არსებობდა ასეთი ტრადიციაც, რომელსაც “უძრახი წყლის” ტრადიცია ერქვა. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ნათლისღების დღეს ოჯახის რომელიმე წევრი სისხამ დილით სახლიდან ისე უნდა გასულიყო და წყაროზე წაეღო ჭურჭელი, რომ არავისთვის ხმა არ გაეცა. ძმაც რომ შეხვედროდა ამ გზაზე, უსალმოდ ჩაუვლიდა. მივიდოდა წყალთან, პირს დაიბანდა და განიწმინდებოდა, მეორე პირჯვარს გადაიწერდა და უკან სახლში ისევ უჩუმრად ბრუნდებოდა.

ნაკურთხი წყლის სახლში მიტანის შემდეგ მრევლი მას ამრავლებს, სხვა წყლიან ჭურჭელში გადააქვთ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დასაცავად, ბაღ-ვენახებს კი უხვი მოსავლის მიღების მიზნით.

ნათლისღებაზე საქართველოში ტრადიციის მიხედვით ნათლული მიდის სტუმრად ნათლიასთან და ულოცავს დღესასწაულს.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ნათლისღების სხვადასხვა ადათ-წესები იყო.

ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათ-წესიც. ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს.

ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.მაგალითად ტრადიციის მიხედვით გურიაში ნათლსიღებამდე ერთი დღით ჩიჩილაკს წვავენ.

მაგალითად, აჭარაში ზღვაში შთაფლვის ტრადიცია არსებობდა. მორწმუნეები ზღვაში ცოდვებისგან განწმენდის რიტუალს ატარებდნენ, ხოლო ნათლულებს ნათლიასთან ამ დღეს მამალი მიჰყავდათ. რაჭაში ოჯახის უფროსი 31 დეკემბერს ტყეში მიდიოდა და ერთი მარხილი შეშა მოჰქონდა, რომელიც კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთით უნდა დაედგა და ნალისღებამდე გაეჩერებინა.

ლეჩხუმში საახალწლოდ დაკლულ ღორს ნათლისღებამდე ჩამოკიდებულს ინახავდნენ. გურიაში კი საახალწლო ჩიჩილაკს ნათლისღების წინა დღეს ცეცხლზე წვავდნენ.

ნათლისღების აღნიშნვის საკუთარი ტრადიცია ჰქონდა თბილისს. ამ დღეს წირვის შემდეგ მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მდინარისკენ მიუძღვებოდა, სადაც საგანგებოდ მოწყობილი იყო წყალთან მისასვლელი ხიდი, რომელსაც “იორდანეს” უწოდებდნენ.  სადღესასწაულო სვლაში მონაწილოებდნენ ტფილისის ჰამქარი და ქალაქში განლაგებული ჯარი.

ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო. სიცივის მიუხედავად, ბაქანი “იორდანე” ხალხით იყო სავსე.

მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება 1918 წლიდან 1923 წლამდე მდინარე ვერეზე სრულდებოდა.

თავის დროზე საკვირველი ნათლისღება იესო ქრისტესი საჭირო იყო ადამიანთა განწმედისა და რწმენაში განმტკიცებისათვის. დღესაც იგივე მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის. დღეს ქრისტეს მიერ ისევე ეკურთხება წყალი მორწმუნეთათვის, დღეს კვლავ ხდება ჩვენს თვალწინ დიდი სასწაული, უბრალო წყალი გახდება წყალი – განსაკუთრებული, რომელსაც ვერას დააკლებს დრო და ჟამი.

ჩვეულებრივი წყალი ძნელად ინახება რამოდენიმე დღითაც კი, ნაკურთხი წყალი კი შეიძლება შევინახოთ წლობით და ისეთივე წმიდა და კამკამა იქნება, როგორც იყო კურთხევის წინ.

ეს არის ღვთის დიდი წყალობა, რაც უტყვი ნიშანია იმისა, რომ უფალი დღესაც ზრუნავს ჩვენთვის, ჩვენი განკურნებისა და გადარჩენისათვის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close