დღის ამბებიერთი დღე

გიორგი ედიშერაშვილის ერთი დღე

გიორგი ედიშერაშვილი – ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი


დღიურის დაწერა ადვილი საქმე არ გეგონოთ .. მართალია წინ გაქვს განვლილი დღისა თუ კვირის  ქრონოლოგია, მაგრამ მათი რიგიანად დალაგება, სხვა ოსტატობას საჭიროებს. ეს რაც შეეხება იმას თუ რატომ არ გამოვიდა ეს დღიური ძალიან კარგი.

ლაგოდეხში საცხოვრებლად ორი თვის წინ გადმოვედი. ეს მოკლე პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა გარკვეული რიტუალების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იწყება დილიდან და სრულდება გვიან ღამით ან სულაც გამთენიისას. დღევანდელი დილაც არ ყოფილა გამონაკლისი. ბიოლოგიურმა საათმა 08:00 საათზე შემოუძახა და მეც 10 წუთიანი ნებივრობის შემდეგ, პირველი რიტუალის ჩასატარებლად სამზარეულოსკენ გავტანტალდი, ყავა მოვადუღე, სავარძელზე მიგდებულ ხალათს გადავწვდი და აივნისკენ გავემართე. ჩემი აივანი ცალკე დღიურისა და საუბრის თემაა. არ დაიჯერებთ, მაგრამ ამ ბინაზე არჩევანი სწორედ აივნის გამო შევაჩერე, თორემ, მარტო კაცს რა ჯანდაბად მინდოდა 4 ოთახიანი სახლი და ყოველთვიურად ზედმეტი 100 ლარის გადაყრად?!  აივანზე გასულს, თვალწინ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების წარმტაცი პანორამა გეშლება.  ეს საოცარი პეიზაჟი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ იცვლება, გააჩნია ამინდს, მზის დახრილობის დონესა და შუქ-ჩრდილებს, ღრუბლიანობას და ცის სიწმინდის ხარისხს. მოკლედ, საოცარი აივანი მაქვს. დილაობით ხეობიდან ნაკრძალის კალთებზე ნისლი ეშვება და ამჯერად ჩემი რიტუალის ნაწილიც სწორედ ეს ეპიკური სანახაობაა, რომელიც ადამიანის სულზე, ცისკრის ლოცვასავით მოქმედებს.  მაცოცხლებელი კოფეინისგან  თვალახელილი ვხედავ, რომ სახლს ხელის შევლება სჭირდება. მაგიდაზე, წინა ღამით მიყრილი თეფშები, ჩანგლები და ბოთლები, ხელუხლებლად აწყვია და ამაოდ მოელიან ჩემს მოქმედებას. ამ დილას მათთვის არ მცალია, საღამოს მივხედავ …

ლაგოდეხში ყველაფერი ერთმანეთის სიახლოვესაა. სახლიდან სამსახურამდე 300 – 400 მეტრი თუ მაშორებს, რაც ამ ქალაქში ფეხით გადაადგილებას სასიამოვნოს ხდის.  ქალაქის მდებარეობა და დაგეგმარება, ლანდშაფტი და სიმწვანე ლაგოდეხს ერთობ ჰუმანურად წარმოაჩენს.

ორი თვის ცხოვრების კვალობაზე, ქუჩაში ბევრ ადამიანს ვესალმები, ერთმანეთს თბილად ვკითხულობთ და წარმატებულ დღეს ვუსურვებთ. მომწონს ადამიანების ოპტიმიზმითა და მხნეობით გაჯერებული პათოსი.

ღრმად მწამს, რომ 9-დან 6-მდე მუშაობა საკმარისი არ/ვერ იქნება სწრაფი განვითარებისთვის ნებისმიერი მიმართულებით. 24 სთ-იანი რეჟიმი, პრაქტიკულად თავგანწირვაა საჭირო საგრძნობი შედეგების დასადებად. ჩვენ არ გვაქვს დრო, მით უფრო მათ ვისაც საჯარო მოხელეები გვეწოდება.

დღევანდელი გეგმის მიხედვით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ვწერ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საზოგადოების ჩართულობისთვის ახალი მექანიზმის დანერგვას. კონცეფციის მიზანია მოქალაქეებს საკრებულოს წევრებთან ქონდეთ სწრაფი მულტიმედია კომუნიკაციის შესაძლებლობა, გაუზიარონ მათ ფოტო, ტექსტური და ვიდეო ინფორმაცია, სხვადსხვა თემიდან თუ სოფლიდან.

ბევრი ჩემს იდეებს, პროექტებსა თუ კონცეფციებს სკეპტიკურად უყურებს, ამბობენ, რომ სოციალური პრობლემების ფონზე მსგავსი იდეები არ მუშაობს. ცხადია, ასეთ მოსაზრებას არსებობის უფლებაც აქვს და რეალური საფუძველიც, თუმცა გვავიწყდება, რომ ეფექტური მმართველობა სწორედ ის გამოსავალია, რომელმაც ქვეყანა განვითარების გზაზე უნდა დააყენოს, ეფექტური მმართველობა კი კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია.

კონცეფცია დავწერე და საკრებულოს მოკლედ გავაცანი. იდეას მოწონება მოყვა და ვეცდები წარმომადგენლობით ორგანოს პროექტი შევთავაზო, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს იდეის არსი და მიზნები.

ამასობაში კიდევ ერთი ბლეფის და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი აფიორის, შუადღის შესვენების დრო მოვიდა და მამაჩემმაც დარეკა. (იცის როდის უნდა დარეკოს) ბოლო წლებია მშობლებს იშვიათად ვნახულობ. ისინი ბებიასთან ერთად ქართლში ცხოვრობენ, ცხინვალის სიახლოვეს. მამას ფერმერული მეურნეობა აქვს, მეხილეობას მისდევს და სწორედ ამ საკითხზე მესაუბრა აღფრთოვანებით. როგორც გავარკვიე წელს კარგი მოსავალი გვექნება, რაც მამაჩემის სკურპულოზური შრომის შედეგია.

,,მოგესალმებით მეგობრებო, წარმოგიდგენთ გამოფენა – გაყიდვას, რომელიც ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით ტარდება, მადლობას გიხდით ღონისძიებაში მონაწილეობისთვის“ – ამ სიტყვებით გავხსენით ღონისძიება, რომელიც ერთ კვირით ადრე დავგეგმე. გამოფენა – გაყიდვაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მეწარმეებმა, რომლებიც ხელსაქმით არიან დაკავებული. მათი ნამუშევრების 90 % ქალის აქსესუარს შეადგენდა, რაც ალბათ ბაზრის მოთხოვნებითა განპირობებული, თორემ აბა ამ ნიშნით მამაკაცთა დისკრიმინაცია ვის გაუგია?!

ერთიანად გადაღლილმა სახლამდე ფეხები ძლივს ავათრიე. მეზობელმა, გია მესხიშვილმა, რომელიც ამავდროულად საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს, მეუღლის მომზადებული ბორში შემომაწოდა მოზრდილი ქვაბით. სიცხის მიუხედავად წვნიანი გემრიელად მივირთვი, დარჩენილ ბორშს კი მაცივარში ვუკარი თავი.

ცოტა ხანში შოთა გელაშვილი დამადგა, ახალგაზრდა ბოტანიკოსი, რომელსაც ამასწინად ეკოლოგიის საკითხებზე ტრენინგ მოდულის შექმნა შევთავაზე, ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით. ბოტანიკოსმა (როგორც მეგობრები ვუძახით) თავისი იდეები გამაცნო. დავგეგმეთ უახლოეს დღეებში განსახორციელებელი აქტივობები. ტექნოლოგიების არ იყოს, არც გარემოს დაცვა დაიკვეხნის დიდი პუპულარობით, მაგრამ მე ხომ სწორედ იმიტომ ვარ აქ, რომ  თანამოაზრეებთან ერთად არაპოპულარული, თუმც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები რეზონანსულ და აქტუალურ საკითხად ვაქციო სოციალურ ჯგუფებში.

საღამოს, როდესაც მარტო რჩები, სანამ ძილიანობა მოგიკაკუნებს და შებინდების რიტუალს ატარებ ნაცნობ აივანზე, საიდანაც ამჯერად მთების მხოლოდ სილუეტებიღა მოსჩანს, საკუთარ თავთან გულწრფელი საუბრის, სასიამოვნო დასევდიანების, ცოტაოდენი კონიაკის გადაკვრის დრო დგება – ეს საღამოს რიტუალია.


დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე :  მთავარი ამბები კახეთში

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close