5 ივნისს, საქართველოში, უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება „გარბენი უკრაინისთვის“ გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება გააერთიანებს ასობით ადამიანს, ყოველი მონაწილის რეგისტრაციის საფასური -30 ლარი ომით დაზარალებულ უკრაინელებს მთლიანად მოხმარდება.
გარბენში მონაწილეები საქართველო-უკრაინის დროშებით მაისურებს ადგილზე მიიღებენ. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ მაგიდის ჩოგბურთი, ფრისბი, ხელბურთი, ფრენბურთი ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი და დაკავდნენ მშვილდოსნობით. ასევე მოეწყობა მოსასვენებელი და საკვები სივრცეები.
გარბენის დისტანცია არის 8 კმ, ფინიში მოეწყობა გრემთან. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქალებსა და მამაკაცებს შორის. მათ ფასიანი პრიზები გადაეცემათ. გარბენის დასრულებისა და გამარჯვებულების დაჯილდოების შემდეგ გაიმართება ჯგუფ „მგზავრების“ საქველმოქმედო კონცერტი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ომის გამო საქართველოში დროებით ჩამოსული უკრაინელები. ადგილზე უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.
გარბენის მხარდამჭერია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“, თბილისის მერია.
სპორტული ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტას მიმდებარედ ჩატარდება. ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი. ავტობუსები თბილისიდან 09:30 საათზე, სასტუმრო redison blu iveria-s მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ და სპორტული ღონისძიების დასრულების შემდეგ უკან დაბრუნდებიან.