Home დღის ამბები ეკონომიკა 5 თვეში ფქვილის იმპორტი 1 155%-ით გაიზარდა, ხორბლის კი 70%-ით შემცირდა

5 თვეში ფქვილის იმპორტი 1 155%-ით გაიზარდა, ხორბლის კი 70%-ით შემცირდა

საქართველოში 2022 წლის იანვარ-მაისში ხორბლის იმპორტი შემცირდა, ფქვილის კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხორბლისა და ფქვილის, ასევე პურის მწარმოებლების ამის მიზეზად რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ ბაჟს, ფქვილზე კი ნულოვან გადასახადს ასახელებენ, რაც ხორბლის იმპორტს არარენტაბელურს ხდის. შედეგად ქვეყანაში ივნისიდან მსხვილმა წისქვილკომბინატებმა როგორც ხორბლის გადამუშავება, ასევე იმპორტი შეაჩერეს და მათი ნაწილი ფქვილის შემოტანაზე გადაეწყო.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყანაში 22,8 მლნ დოლარის ღირებულების 63 006 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა. ეს იმპორტის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 1 155%-ით აღემატება, მოცულობის მხრივ კი ზრდა 911%-ია.

საიმპორტო ბაზარი, საიდანაც ძირითადი საქონელი შემოდის, ისევე როგორც ხორბლის იმპორტის შემთხვევაში, აქაც რუსეთია.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში რუსეთიდან ჯამში 22.4 მლნ დოლარის 62 321 ტონა ხორბლის ფქვილი შემოვიდა. მცირე მოცულობებით საქონლის იმპორტი თურქეთიდან (190 ათასი დოლარი), ყაზახეთიდან (79 ათასი დოლარი), იტალიიდან (54 ათასი დოლარი), ლიეტუვიდან (25.9 ათასი დოლარი), უკრაინიდან (25 ათასი დოლარი), ავსტრიიდან (14.8 ათასი დოლარი) და საფრანგეთიდან შემოვიდა.

რაც შეეხება ხორბალს, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველომ 14.6 მლნ დოლარის ღირებულების 44 432 ტონა ხორბალი შეიძინა. იმპორტის მოცულობა გასული წლის მონაცემებთან შედარებით 69.8%-ით შემცირდა.

საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს წინა წლების მსგავსად კვლავ რუსეთი იკავებს, თუმცა ამ ბაზრიდან ხორბლის შესყიდვები შემცირებულია. მთავარი საიმპორტო ქვეყნებია:

1. რუსეთი – 12.7 მლნ დოლარი, 37 460 ტონა;
2. ყაზახეთი – 1.3 მლნ დოლარი, 3 703 ტონა;
3. სომხეთი – 653.6 ათასი დოლარი, 3 268 ტონა.