Home დღის ამბები 261 ტონა სურსათი მიდიოდა ნაგავსაყრელზე – საქართველოში სურსათის ბანკების შექმნა იგეგმება

261 ტონა სურსათი მიდიოდა ნაგავსაყრელზე – საქართველოში სურსათის ბანკების შექმნა იგეგმება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი განიხილა.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ხატია წილოსანის ინფორმაციით, კანონპროექტი სიახლეა ქართულ სინამდვილეში და ასევე პირველი ინიციატივაა რეგიონში, რომელიც სურსათის ნარჩენების, სურსათის დანაკარგების და შეწირულობის საკითხს ეხება.

„მთელ მსოფლიოში აქტუალურად დგას საკითხი სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებულ თემებზე, ჩვენ მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებულია გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით და ევროკავშირის დაფინანსებით. საქართველო არ წარმოადგენს გამონაკლისს და 2020 წლის მონაცემებით, 261 ტონა სურსათი მიდიოდა ნაგავსაყრელზე. ერთ სულ მოსახლეზე ეს არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა“, – განაცხადა წილოსანმა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი მხრივ, სურსათის ნარჩენების შემცირების უზრუნველყოფას, მეორე მხრივ, გააჩენს შესაძლებლობას დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ ნარჩენი სურსათი მოაწოდონ ბენეფიციარებს, ვისაც ამის საჭიროება უდგას.

კანონმდებლობით შემოდის ახალი ცნებები – სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია და სურსათის ბანკები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება მარკეტებიდან საბოლოო ბენეფიციარებამდე პროდუქციის მიწოდება.

პროექტი ამავდროულად გარკვეულ ეკონომიკურ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, მარკეტებს და ქსელებს, რომლებიც ვადის მქონე სურსათის განაწილებას მოახდენენ დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის, ექნებათ საგადასახადო შეღავათი, ისინი ისარგებლებენ დღგ-ს ჩათვლის უფლებით და გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის შეფასებით, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია ორი მიზნით – ერთი, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის და მართვის კუთხით და მეორე – პროდუქტი, რომლის გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება და რომელიც თავის შინაარსით არ არის ნარჩენი, მიზნობრივად სწორად განიკარგოს, რაც მისასალმებელია.

კომიტეტმა განხილულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.