Home დღის ამბები ეკონომიკა 2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება – რა შემოსავალს ელის...

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება – რა შემოსავალს ელის მთავრობა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის თანმდევი სამი კანონპროექტი განიხილა.

ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებია. კანონპროექტი გულისხმობს ავტომანქანის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასურის ზრდას. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ თითქმის სამმაგდება ავტომობილის პირველად რეგისტრაციის საფასურიც.

კერძოდ, ცვლილების თანახმად:

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;

ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.

„წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს, რაც ასევე გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. მოსალოდნელი შემოსავალია დაახლოებით 40 მლნ ლარი, რაც მოხმარდება როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას,“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, კანონპროექტის ამოქმედება 2023 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება.