2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384.6 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 207.0 მლნ. აშშ დოლარით, 144.1 მლნ. აშშ დოლარით და 27.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 22.1 მლრდ აშშ დოლარი (68.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110.8 პროცენტია.
„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 52.1 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.8 მლრდ აშშ დოლარი (24.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 38.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 942.6 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 438.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.0 მლრდ აშშ დოლარი (15.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი (15.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი).
მთლიანი საგარეო ვალის 90.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 67.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.7 პროცენტია. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 130.6 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 11.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 942.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში..
ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.