Home დღის ამბები ეკონომიკა „2021 წელს მთავრობას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის სარეზერვო ფონდიდან 3.7 მლნ ლარამდე...

„2021 წელს მთავრობას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის სარეზერვო ფონდიდან 3.7 მლნ ლარამდე გამოეყო“

„2021 წლის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების განკარგვის პრაქტიკა ნაკლებად არის შესაბამისობაში ფონდის მიზნებთან და პრინციპებთან,“ – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის 2021 წლის ხარჯს შეეხება.

მათივე ცნობით, 2021 წლის ბოლოსთვის ფონდის მოცულობა 45 მლნ ლარით განისაზღვრა. გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ 44.8 მილიონი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ 43.1 მლნ ლარი შეადგინა.

„ჯამურად გამოყოფილი თანხების 38.5% მთავრობის ადმინისტრაციაზე გაიცა (17.3 მლნ ლარი), საიდანაც ყველაზე დიდი წილი – 8.2 მლნ ლარი საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით (64 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ჩასატარებელი საახალწლო და წლის დასრულებასთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვისთვის იყო გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ იდენტური მიზნობრიობით 282 000 ლარი სარეზერვო ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც გამოეყო.

მთავრობის ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი თანხებიდან 3.7 მლნ ლარამდე გათვალისწინებული იყო ლობისტურ მომსახურებაში – საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პროცესის მხარდასაჭერად, ასევე აშშ-ში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის სათანადოდ წარმოჩენის პროცესში დახმარების მიზნით აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად; დამატებით 1,9 მლნ ლარამდე კი – საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს საერთაშორისო რეგიონალურ ფინანსურ და საბანკო ჰაბად პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობისათვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურებისათვის.

3 მილიონ ლარამდე გამოიყო თავად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.

ყველაზე მცირე თანხა, 40 000 ლარი გამოიყო 2021 წლის 7 აპრილს ოკუპაციის ხაზთან მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ტრაგიკულად დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარების მიზნით (თითოეული გარდაცვლილი პირის ოჯახისათვის 10 000 ლარის ოდენობით).

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სარეზერვო ფონდიდან მიღებული თანხებიდან 516 000 ლარზე მეტი საიდუმლო ხარჯად არის კლასიფიცირებული, შესაბამისად არ არის ხელმისაწვდომი თუ რა მიზნობრიობით დაიხარჯა აღნიშული თანხები.

IDFI-მ მთავრობის ადმინისტრაციიდან დამატებით გამოითხოვა სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში და საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ხელშეკრულებები, ადმინისტრაციის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში გაწეული ხარჯების ჩამონათვალი და სხვა, თუმცა, სამწუხაროდ ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციისთვის ყველაზე დიდი თანხა ისეთი აქტივობების დასაფინანსებლად არის გამოყოფილი, რომლებიც თავისი შინაარსით, გაუთვალისწინებელ ხარჯს არ წარმოადგენს (საახალწლო ღონისძიებები), შესაბამისად, შესაძლებელია ასეთი ღონისძიებების სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინება,“ – ნათქვამია ანგარიშში.