20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, აღადგინოს ფრენები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრი ვარაუდობს, რომ სულ მალე უკვე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე იქნება არამარტო დასტური ავიაკომპანიების, არამედ ფრენები კონკრეტული თარიღები.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ, ვინც აქამდე ასრულებდა რეგულარულ ფრენებს საქართველოში, დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს რეგულარური ფრენები, მათ შორის არიან „ვიზეარი”, „რაინეარი”, რომელმაც თავისი სურვილი საჯაროდ განაცხადა, „თურქეთის ავიახაზები”, „ისრაელის ავიახაზები”, „ყატარი”, ეს არის 20-ზე მეტი ავიაკომპანია, ვინც მზადყოფნას აცხადებს“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია იმის, რომ იყოს პირველი ქვეყანა, ვინც ყველა უსაფრთხო კორიდორში მონაწილე იქნება.
„ამოცანა არის ორკომპონენტიანი. ერთი ეს არის პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიები მზად არიან ამისთვის, ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით, მეორე და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ქვეყნებს შორის, მთავრობებს შორის შეთანხმება და აქაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, თუ რა წესებით იფუნქციონირებს ეს უსაფრთხო ტურიზმი და უსაფრთხო კორიდორები. საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია იმის, რომ ჩვენ მართლაც ვიყოთ პირველი ქვეყანა, ვინც ყველა ამ უსაფრთხო კორიდორში მონაწილე იქნება იმიტომ, რომ ჩვენ დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება სამედიცინო გაიდლაინების და წესების დაცვის ისე, რომ მართლაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სანიმუშოდ ვმართეთ, ჩვენ გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი, ანუ ღია ცის ქვეშ არსებული ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრთხოდ და სიამოვნებით ჩამოვა უცხოელი ტურისტი და აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას”, – განაცხადა მინისტრმა.