Home დღის ამბები 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე დედის და ბიძის სასამართლო პროცესი...

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე დედის და ბიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედის და ბიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე- სასამართლოში ჩვენებას მკვლელობაში ბრალდებულ ალიმ სადიკოვის დები, იეგანა და სოილ სადიკოვები მისცემენ.

მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი თქმით, გოგონა ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვია დაკავებული, რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც- 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს.