შოთა რაინაული – ექიმი
ერთი დღე თუ დღე, ხვალინდელი დღის შემდეგ, როგორც ერთ ფილმშია.
დღე ჩემთვის ზუსტად ღამის 12 საათზე მთავრდება.
ახალი დღე ჩემთვის დილის სამი საათიდან იწყება. ღამის 12 საათზე მოცელილივით დაძინებულს სამ საათზე მეღვიძება, უფრო სწორედ ძილსა და სიფხიზლეს შორის გახიდული ველოდები დილის 5 საათს, როცა მეორედ ვიძინებ გონდაკარგულივით და ფეხზე ვარ 7 საათზე. ჩემს მდგომარეობას ღამურაც არ ჰქვია. ღამურა ღამითაც აქტიურია, მე არა. და ეს უკვე ჩემი ცხოვრების საზრიანი დასაწყისიდანაა ასე.
ეს ჩემი „ერთი დღის“ სრულიად უინტერესო და უნიფიცირებული მონაკვეთია, რომელიც ნებისმიერი ერთი დღის დასაწყისს საწყისად ერგება.
მყარი ჩვეულება მაქვს, სახლიდან ისეთი მომზადებული გავიდე, თითქოს ეს ბოლო გასვლა იყოს და მე ამას მუდმივად ვასრულებ.
უკვე რამდენიმე წელია სამსახურში ფეხით დავდივარ, ყოველ შემთხვევაში მუდმივად ვცდილობ ამას და დღესაც მოვახერხე. ჩემი სოფლური ყაიდის ორღობიდან გამოსულს ისევ ისეთი ბოლი და სუნი მხვდება პურის საცხობიდან, როგორც ყოველდღიურად.
ყურადღება მიიქცია ზუსტად ზებრაზე გაჩერებულმა მანქანამ ტაქსის ნიშნით სახურავზე, სასტუმროს წინ და აშკარად უცხოელის მომსახურებისთვის. მძღოლი აშკარად ყოჩაღი ბიჭია, შუბლზე შავი სათვალით, ზანტი მოძრაობით და ჩემოდნის ჩადებით დამადლებული ქცევით. იქვე მოაბრუნა ავტო და ხელში ტელეფონით გააგრძელა გზა გამგეობის მხარეს. ღვედი? ხომ ვთქვი ყოჩაღი ბიჭი ჩანდა, შუბლზე სათვალით, ხელში ტელეფონით და ღვედი არა იხვის ტოლმა.
სამსახური? ხო სამსახური, თუ სამ საათამდე არ ვიმუშავე, ცუდად ვარ, თუ სამი საათის შემდეგ ვიმუშავე, არანაკლებ ცუდად ვარ. მოკლედ სრული ჰარმონიაა, დროში, სივრცეში და ყველა იმ განზომილებაში, რომელშიც ვცხოვრობ. ასე, რომ სამსახური ჩემი ერთფეროვნული ყოველდღიურობაა.
ზუსტად ასეთივე ერთფეროვნულია თელავის ხევი, იმისდა მიუხედავად წყალი ცოტათი მეტი, თუ ცოტათი ნაკლები, ან სუფთა თუ მღვრიე მოედინება. ეს ის ხევია, რომელსაც ყოველდღიურად გულდასმით ვაკვირდები სამსახურისკენ, ან უკან-სამსახურიდან სავალ გზაზე, ასევე ყოველდღიურად ვაკვირდები იმ მზის სარეკლამო პანელს, სამთავრობო სახლის გვერდით რომ დგას და უკვე დიდი ხანია ნაწილი ტაბლოსი გადამწვარია. ეტყობა ეს რეკლამა არ მუშაობს და არ უღირთ გამოსაცვლელად ან პირიქით იმდენად კარგად მუშაობს, იმდენი იყიდება მზის ბატარეები, რომ მისი გარემონტება საჭიროც არაა, არსებობს მესამე ვარიანტიც, უბრალოდ ჩვენთან არც პირველი და არც მეორე ვარიანტის კულტურა არ არსებობს, უბრალოდ ყველას ფეხებზე ჰკიდია, ესაა და ეს.
და ეს ჩემი ერთფეროვანი ყოვედღიურობა ამბავმა დაარღვია ისეთმა ამბავმა, ერთ დღეს კი არა წლებს ეყოფა ერთფეროვნულობის დასარღვევად.
კვებეკი, კანადის პროვინცია, ქალაქი ლავალი (laval), იმდენად გაოგნებული ვარ, იმდენად აჟიტირებული ამაზე, რომ ვერ გავჩუმდები, ეს ნამდვილად ვიცი. მოკლედ, 1850-55 წლებს შორის, ორმა ახალგაზრდამ მთათუშეთიდან დაადო თავი და ჯერ სტავროპოლში, შემდეგ ამერიკაში და ბოლოს კანადაში ამოყო თავი, ერთი რაინაულია, მისი შორეული შთამომავლები დღესაც ქართულად ლაპარაკობენ და ცდილობენ შეინახონ ის, რაც ამ ახალგაზრდამ დაუტოვათ – ქართველობა. ამ ამბავს მხოლოდ დღეს და სრულიად შემთხვევით ვგებულობ. როგორც ყვება ჩემი შორეული ახლობელი ნათესავი და სურათებზეც ჩანს, ჩემს გვარს ამ სოფელში აქვს საგვარეულო სასაფლაოც კი.
ქართველობის შესანარჩუნებლად ცდილობენ შექმნან ქართული ოჯახი, მაგალითად ამ გოგოს დედა ცნობილი, წარმოშობით ქართველი, ამერიკელი ავიაინჟინრის – ქართველიშვილის შვილიშვილია. მოკლედ ვათვალიერებ ამ სურათებს და ვერაფერსაც ვერ ვფიქრობ, ვერ ვაზროვნებ, იმდენად უცნაური და გამორჩეული დღეა ეს დღე ჩემთვის. მივაგენით იმ მეორე ახაგაზრდის შთამომავლების კვალსაც, რომელიც ჩემ ნათესავთან ერთად წავიდა იმ 1850-55 წლებში საქართველოდან, აი ასე, დაადეს თავი და წავიდნენ და იქ შექმნეს პატარა ქართული დინასტია, რომლის მხოლოდ ბოლო თაობის შვილებმა არ იციან ქართული, რადგან ის ერთი საკვირაო სკოლა, რაც ჰქონდათ, აღარ არსებობს. შეიძლება აღარც სურვილია მაინც და მაინც დიდი და ამიტომ. ერთი რაც კარგად არ იციან, იმ დიდი წინაპრის სოფელია, საიდანაც იგია წასული.
იმ ჩემი ახალი ნათესავების სურათებს ვერ დავდებ, რადგან ვფიქრობ მაინც შეთანხმებაა საჭირო.
უცნაურია, ალბათ დამეთანხმებით, უცნაური და იშვიათი ამბავია. ვეცნობი ამ ყველაფერს, ვათვალიერებ სურათებს და სათქმელიც არაფერი მაქვს, მხოლოდ ბურთი მებჯინება ყელში, ცოტა თვალებიც მისველდება და რაღაც სურვილიც მეკარგება იმ ყოველდღიურ რუტინაში ჩავება, რაც მანამდე და დიდი ალბათობით შემდეგშიც გაგრძელდება.
აი ეს მოხდა დღეს და ამიწეწა დალაგებული ცხოვრება, ცალკე საფიქრალმა, ცალკე უფრო მეტის გაგების სურვილმა და ცალკე იმ სტერეოტიპის გაცნობიერებამ, დიდმა უილიამმა რომ თქვა: ხვალე ხომ მხოლოდ სხვა სახელია დღევანდელი დღისა.
ხო მართლა, ეს ფოლკნერია, შექსპირი არ მიგულისხმია.
უკვე 12 საათია და ჯერ არ მეძინება…
დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე: მთავარი ამბები კახეთში