2023 წლის 11 დეკემბერს, 12:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში (მის.: ახმეტა, გიორგი ჭანტურიას №1) ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისათვის ტყის მართვის გეგმის გაცნობა და მასზე უკუკავშირის მიღებაა.
საჯარო განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელნი, CENN-ის ექსპერტები და სხვ.
ახმეტის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები 2020-2022 სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის პროექტი და დამატებითი დოკუმენტაცია, როგორიცაა ჯამური ცხრილები და დაპროექტებული ღონისძიებები, ტაქსაციური აღწერები და კარტოგრაფიული მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ყველა დაინტერესებულ მხარეს, ზემოაღნიშნულ ბმულზე განთავსებული ახმეტის ტყის მართვის გეგმის დოკუმენტაციაზე შეუძლია წერილობით შეიტანოს შენიშვნები და კომენტარები, 10 დეკემბრამდე, რომელიც უნდა მიაწოდოთ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს ზაზა ნონაშვილს (ელ-ფოსტა: zaza.nonashvili@mepa.gov.ge). 11 დეკემბერს კი ახმეტაში გაიმართება ტყის მართვის გეგმის საჯარო განხილვა საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.
ღონისძიება ხორციელდება CENN-ის თანამონაწილეობით და GIZ-ის დახმარებით, საქართველოში ტყის სექტორის განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ECO.Georgia-ს ფარგლებში. შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შეხვედრის ფასილიტაციას გაუწევს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, CENN-ის მხარდაჭერით.
თითოეულ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს, გარემოსდაცვით ჯგუფებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეს, მიეცემათ საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, რომელიც აისახება ახმეტის ტყის მართვის გეგმაში.