2021 წლს ბიზნეს სექტორში 744 256 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 28.6%, 12.5% და 10.3% ). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.4 % ), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდებისა (4.5 %) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.1 %).
გთავაზობთ ჩამონათვალს, ვის ეკუთვნის 10 კომპანია, რომელმაც 2021 წელს ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმა:
შპს თბილსერვის ჯგუფი – წილის 100%-ს თბილისის მუნიციპალიტეტი ფლობს
შპს პსპ ფარმა – წილის 100%-ს დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი ფლობს, წილის მმართველი კი, ვაჟა ოქრიაშვილია. დანარჩენი 5% კი, თენგიზ ჯამელაშვილის საკუთრებაა.
სს ევექსის ჰოსპიტლები – 2014 წლის 30 ივლისს დაფუძნდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, ევექსის 100%-იანი წილის მფლობელი იყო სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (შემდგომში „მშობელი კომპანია“). ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული საჯარო სააქციო საზოგადოება „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია. (წყარო – reportal.ge).
სს ენერგო-პრო ჯორჯია – კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, (წყარო – reportal.ge), 2006 წლის 31 ივლისს საქართველოში დარეგისტრირებული და მოქმედი კომპანიაა. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა სააქციო საზოგადოება და დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 50,1%-ს ფლობს ენერგო პრო ეი. ეს. (ჩეხეთის რესპუბლიკა), 49,9%-ს კი სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ (საქართველო). ამასთან, „ენერგო-პრო ეი. ეს“ (მშობელი კომპანია) ფლობს სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ 100%-ს. 2021 წლისა და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მშობელი კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა. 2021 წლის 29 დეკემბერს მშობელმა კომპანიამ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგმა“ („უშუალო მშობელიკომპანია“) გააფორმეს მართვის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც კომპანიაზე სრული კონტროლი გადაეცა უშუალო მშობელ კომპანიას.
სს საქართველოს რკინიგზა – კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია.
სს ნიკორა ტრეიდი – 2010 წლის 6 იანვარს დარეგისტრირდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სს “ნიკორა ტრეიდი” არის საქართველოში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სს ნიკორა ტრეიდის 94.69%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოში დაფუძნებული და რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ნიკორა“, ხოლო აქციების 5.31% ეკუთვნის სხვა აქციონერებს (2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით სს ნიკორა – 90%, სხვა აქციონერები – 10%).(წყარო – reportal.ge).
სს გეფა – 2010 წლის 8 იანვარს დაფუძნდა. სს გეფას კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, ჯგუფის აქციონერთა სტრუქტურა ასეთი იყო: კომპანიის 67%-იანი წილი სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს ეკუთვნოდა, 28% – ენრიკო ბერიძეს, ხოლო 5% მიხეილ აბრამიძეს. მშობელი კომპანია ფლობს ჯგუფის საკონტროლო პაკეტს. ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „GHG“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გეფას საბოლოო მშობელი კომპანია იყო საჯარო სააქციო საზოგადოება „ჯორჯია კაპიტალი“ („ჯორჯია კაპიტალი“), რომელიც ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული კომპანიაა. (წყარო – reportal.ge). სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, სს გეფას საოპერაციო დირექტორი არის მიხეილ აბრამიძე, ფინანსური დირექტორი კი გიორგი ჟიჟილაშვილი.
შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია – წილის 100%-ს თბილისის მუნიციპალიტეტი ფლობს.
შპს ევოლუშენ ჯორჯია – წილის 100% მალტაში დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია ევოლუშენ მალტა ჰოლდინგ ლიმიტედის საკუთრებაა.
შპს რითეილ ჯგუფი – წილის 30%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქისთოუნ ინვესთმენთსი ფლობს, რომლის წილის 90% რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ორმაგ მოქალაქეს თემურ ანჩაბაძეს უკუთნის, 10% კი გიორგი პერტაიას. წილის 26.6% ეკუთვნის კვიპროსზე რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დოლნეი ქენსალთენთსს. 20% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ჯიბისი ინვესტის საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ,,ქართული ლუდის კომპანიას”. 13.3% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გუდ ფროდაქტსის საკუთრებაა, რომლის წილის 100%-ს დავით ბეჟუაშვილი ფლობს.