1-ლი აგვისტოდან რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე წინა თვის 8615,9-დან 15,987,1 რუბლამდე (148-დან 275 დოლარამდე), შროტზე კი 1819-დან 2,265,4 რუბლამდე (31,5-დან 39 დოლარამდე) იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.
მზესუმზირის ზეთზე აგვისტოს საბაჟო განაკვეთი ტონაზე 1873,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში ტონაზე 8615,9 რუბლის (148 დოლარის) ოდენობის გადასახადი მოქმედებდა, რომლის ღირებულებაც 1800,2 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო გამოთვლილი.
რაც შეეხება შროტს, აგვისტოს საექსპორტო გადასახადი ტონაზე 304,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში მისი ოდენობა ტონაზე 1819,1 რუბლს (31,5 დოლარს) შეადგენდა, რაც 312,8 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო დადგენილი.
რუსეთში მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე პერიოდისთვის არის შემოღებული, ხოლო შროტის ექსპორტზე გადასახადი 1-ლი მაისიდან დადგინდა და იმავე 31 აგვისტომდე იმოქმედებს.
ივლისიდან საექსპორტო გადასახადები რუბლებით გამოითვლება, რომელიც ბოლო ხუთ სამუშაო დღეში რუსეთის ბანკის მიერ დადგენილი რუბლის მიმართ დოლარის საშუალო არითმეტიკული კურსით გამოითვლება.
ექსპერტების პროგნოზით, საექსპორტო გადასახადის გაზრდა მზესუმზირის ზეთის ისედაც ჩავარდნილ ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს. ანალიტიკური კომპანია „პროზერნოს“ გენერალური დირექტორის, ვლადიმერ პეტრიჩენკოს შეფასებით, ივნისში ჩავარდნა სწორედ მაღალმა, 525 დოლარის ოდენობის საექსპორტო გადასახადმა გამოიწვია, მაშინ, როცა მაისში ეს გადასახადი 372,2 დოლარს შეადგენდა. თუმცა ივლისში ეს გადასახადი ტონაზე 8615 რუბლამდე (148 დოლარამდე) დაეცა, რაც 1-ლი აგვისტოდან, როგორც ჩანს, ისევ იზრდება და 275 დოლარი ხდება.
ამასთან, 16 ივლისდან მთავრობამ რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო კვოტა გაზარდა და ექსპორტისთვის დადგენილ 1,5 მილიონ ტონა დასაშვებ მოცულობას კიდევ 400 ათასი ტონა დაამატა. მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო კვოტებიც, რომელიც 15 აპრილიდან დაწესდა, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს. პეტრიჩენკო ნაკლებად მოელის, რომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე თუნდაც წინა, 1,5 მილიონი ტონის კვოტა შესრულდება, რადგან 15 აპრილიდან, ანუ კვოტის დაწესების დღიდან მხოლოდ 500 ათასი ტონა ზეთი არის ექსპორტირებული.