Home დღის ამბები ეკონომიკა 1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება – მინისტრი

1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება – მინისტრი

1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სისტემა იქნება იგივე, რაც ცოტა ხნის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამოქმედდა.

„რამდენიმე თვის წინ პარლამენტში გახლდით და იქ დაისვა ბევრი კითხვა იმაზე, რომ ექთნებს და ექიმებს არ აქვთ ადეკვატური ანაზღაურება. მაშინ ვთქვი, რომ ამაზე ვმუშაობდით. უკვე დღეისათვის კი იმ ტარიფებიდან და გადასახადებიდან, რასაც საყოველთაო ჯანდაცვით ჩვენ სახელმწიფო კლინიკებს ვუხდით, პირველ ეტაპზე გამოითვალა, ჩვენი აზრით, მინიმალური სამართლიანი ანაზღაურება.

ორ თვეზე მეტია ეს ფუნქციონირებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. უკვე პირველი აგვისტოდან კი სხვა სახელმწიფო კლინიკებშიც მინიმალური ანაზღაურების უზრუნველყოფა ზუსტად იგივე ტარიფებით დაიწყება“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე ამბულატორიებში არსებულ ანაზღაურებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მართვაში არსებულ ამბულატორიებშიც გამოითვალა მინიმალური ანაზღაურებები.

„საქართველოს 20-მდე ქალაქში მდებარე ამბულატორიებში, დაახლოებით 1000 თანამშრომელს დაახლოებით 50%-მდე ეზრდება ხელფასი. მინდა, რომ ეს კარგი მაგალითი იყოს კერძო კლინიკებისთვის, და მინდა თავადვე მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ხელფასები ყველა კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს გაუზარდონ.

ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლიც იყოს განვითარებული, რათა ჰოსპიტალურ სექტორზე ნაკლები დაწოლა იყოს, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე გავდივართ ყველა იმ ეტაპს, რაც საბოლოო ჯამში, მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას მოგვცემს და ბიუჯეტიდან ანაზღაურებაც იქნება შესაბამისი“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საპილოტე რეჟიმში, ახალი სახელფასო სისტემა რამდენიმე კვირის წინ დაინერგა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის საათების მიხედვით ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს აწესებს.

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, ექიმის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს საათში 9 ლარს, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია. უმცროსი ექიმის ანაზღაურება, საათების მიხედვით, 6 ლარია, თვეში კი – 1 080 ლარი; ექთნის – საათში 5,75, თვიურად 1035 ლარი; ექთნის დამხმარის – 3 ლარია, თვეში – 540 ლარი. სანიტრის შემთხვევაში კი ეს თანხა საათში 2,80-ია, შესაბამისად, ყოველთვიურად, 504 ლარი.

აღსანიშნავია, რომ კლინიკის შემოსავლების 90% სახელმწიფო პროგრამებით მიღებული დაფინანსებაა. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, კლინიკის ფინანსური მდგომარეობა, არსებული შემოსავალი და მარჟა იძლევა საშუალებას, რომ დღევანდელი ტარიფების პირობებში, საავადმყოფოში დასაქმებულმა სამედიცინო პერსონალმა გაუმჯობესებული ანაზღაურება მიიღოს.