ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე კრამიტის სახურავის ქვეშ არსებული ცემენტის ფენის მოხსნა დასრულდა. სპეციალისტების ზედამხედველობით გრძელდება ტაძრის დასავლეთი მინაშენის გაწმენდითი სამუშაოები.
როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განმარტავს- ასევე დასრულდა წმ. გიორგის ტაძრის გუმბათის გადახურვისთვის ხარაჩოს მოწყობის პროექტი, რომლის საფუძველზეც გრძელდება გუმბათის სახურავზე ხარაჩოს აგება.
ამავდროულად, მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის საპროექტო სამუშაოები.
ინფორმაციისთვის, 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.