ჰაკერებმა Ferrari-ს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების ბაზა გატეხეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ოფიციალური წერილიდან, რომელიც კომპანიამ მომხმარებლებს გაუგზავნა. ამავე წერილში, კომპანიამ განაცხადა, რომ ჰაკერებმა არა მხოლოდ გატეხეს მონაცემთა ბაზა, სადაც მომხმარებელთა პერსონალური მონაცემებია, არამედ მოითხოვეს გამოსასყიდი გაუთქმელობისთვის. კომპანიამ არ გაამჟღავნა გამოსასყიდის თანხა, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ უარი თქვეს კრიმინალებთან გარიგებაზე და გამტაცებლებისთვის ფულის გადახდაზე.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ჰაკერებმა შეძლეს წვდომა მომხმარებელთა სახელებზე, მისამართებსა და ელექტრონული ფოსტის მონაცემებზე. ამასთან, გამოძიების დროს გაირკვა, რომ ჰაკერებმა ვერ მიაღწიეს საბანკო ანგარიშის ნომრებს და დეტალურ ინფორმაციას შეკვეთილი მანქანების შესახებ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ არ სურთ კიბერკრიმინალებთან გარიგების დადება. გარდა ამისა, არ არსებობს გარანტია, რომ თანხის მიღების შემდეგ ჰაკერები რეალურად უარს იტყვიან პირადი მონაცემების გამოყენებაზე. სამართალდამცავი ორგანოები უკვე ჩაერთნენ გამოძიებაში. გარდა ამისა, კომპანიამ დაიწყო კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაც.
კიბერდანაშაული საავტომობილო ინდუსტრიაში დიდი ხანია იშვიათობა არ არის. 2022 წლის მაისში General Motors-ის კონცერნის ასობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გაჟონა ქსელში. შემდეგ ჰაკერებმა გამოაქვეყნეს არა მხოლოდ სახელები და მისამართები, არამედ მონაცემები მანქანების გარბენის შესახებ, ასევე მარშრუტების და ტექნიკური პუნქტების მოგზაურობის ისტორია.