მსოფლიოში სურსათი იაფდება. საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასები საგრძნობლად შემცირდა და ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. ხორბლის ფიუჩერსების ფასი ერთ ბუშელზე 7.9 აშშ დოლარს ჩამოსცდა, რაც 5 თვის განმავლობაში პირველად მოხდა.
ფასის შემცირება რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან მიწოდების გაზრდასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ომისა, მარცვლეული საერთაშორისო ბაზრამდე მაინც აღწევს.
ექსპორტი ყირიმის ნახევარკუნძულიდან მკვეთრადაა გაზრდილი და თითქმის 50-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ წლის ამ პერიოდში. კიევის ეკონომიკის სკოლის თანახმად, ეს ფაქტი ეჭვს იწვევს, რომ რუსეთს შავი ზღვის პორტებიდან მოპარული მარცვლეული გააქვს.
უკრაინა რუსეთს ოკუპირებული რეგიონებიდან მარცვლეულის მოპარვასა და ექსპორტში სდებს ბრალს. კიევის ეკონომიკის სკოლის გამოთვლებით, ივნისიდან მოყოლებული რუსეთმა მიითვისა ან დააზიანა 1 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, რომელთა საერთო ღირებულება 600 მილიონ დოლარს აჭარბებდა. რუსეთი ამ ბრალდებებს, რა თქმა უნდა, უარყოფს.
ხორბლის გაიაფება ქმნის იმედს, რომ რეკორდული ინფლაციის დონე, განსაკუთრებით კი საკვებ პროდუქტებზე, შემსუბუქდება.
„ჩვენ ბაზრიდან ომის პრემიუმი ამოვიღეთ და ახლა უნდა გავარკვიოთ, თუ რა ღირს ხორბალი სინამდვილეში. ბაზარი მოთხოვნას ეძებს“, – ამბობს ადამ კნოსალა, მარცვლეულის ბროკერი მინეაპოლისიდან.
მიუხედავად ამისა, რთულად სავარაუდოა, თუ რამდენ ხანს გასტანს შემცირებული ფასები მარცვლეულზე. ომთან, მიწოდების ჯაჭვების რღვევასა და მსოფლიო ბაზარზე ტურბულენტურ გარემოსთან ერთად, ახალ თავსატეხს ამინდი აჩენს. უჩვეულო სიცხე და გვალვა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მარცვლეულის მოსავალს საფრთხეს უქმნის. მაღალია ტემპერატურა ამერიკაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. შემცირებული ნალექიანობა განსაკუთრებულ საფრთხეს სიმინდის მოსავალს უქმნის.
კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ხორბლის ბაზარზე, მსოფლიოში რეცესიის მოლოდინი და ეკონომიკის შენელების შედეგად მოთხოვნის შესაძლო შემცირებაა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ხორბლის ფასმა უკვე მიაღწია ქვედა ზღვარს და ახლანდელი მდგომარეობა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.