2022 წლის მე-2 კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოება 10.9%-ით გაიზარდა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ აღნიშნულია „აისეტი“ კვლევითი ცენტრის მიმოხილვაში, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა.
როგორც „აისეტის“ პუბლიკაციაშია ნათქვამი, ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 8.3% შეადგინა.
„სექტორში დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ზრდის დადებითი ტენდენციაც. 2022 წლის მე-2 კვარტალში FDI-ის მაჩვენებელმა სოფლის მეურნეობაში 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2021 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი -1.7 მლნ აშშ დოლარი იყო). თუმცა ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით FDI სოფლის მეურნეობაში დაბალი იყო (0.9%).
ამასთან, 24 აგვისტოს “რთველი 2022” დაიწყო. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ დაასუბსიდირებს 2022 წლის ყურძნის მოსავალს, რათა დაეხმაროს ფერმერებსა და ღვინის მწარმოებლებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვაში. „რთველი 2022-ის“ ფარგლებში, ღვინის კომპანიები იმ შემთხვევაში მიიღებენ სუბსიდიას, თუ სულ მცირე 100 ტონა რქაწითელს ან კახურ მწვანეს შეიძენენ და გადაამუშავებენ და 1 კგ აღნიშნულ ჯიშის ყურძენში სულ მცირე 0.90 ლარს გადაიხდიან. ასეთ შემთხვევაში, გადახდილი 0.90 ლარიდან 0.35 ლარი სუბსიდირებული იქნება,“- ნათქვამია „აისეტის“ აგრომიმოხილვაში.