ძვირფასო მშობლებო!
საინტერესო და თან რთულიცაა მასწავლებლის საქმიანობა:
შემოქმედებითიც უნდა ვიყოთ, ჰუმანურიც, ტოლერანტიც,
შრომისმოყვარეც…თითოეული გაკვეთილი განსხვავებულად უნდა დავგეგმოთ,
ერთფეროვნებით რომ არ მოვაბეზროთ სწავლა პატარას…მეთოდების
შერჩევისასაც დიდი სიფრთხილეა საჭირო , საინტერესო რომ გახდეს გაკვეთილი;
მერე კი , რა ბედნიერებაა, როცა კლასიდან გასულს შენი მოსწავლე
სამასწავლებლომდე გვერდით მოგყვება და საუბრით გაცილებს, რადგან კიდევ
სწყურია გაკვეთილზე წამოწყებული მსჯელობის გაგრძელება…
პედაგოგობა ჩემი პირველი მასწავლებლის სიყვარულმა ოცნებად
მიქცია…მარო მასწავლებელი უნდა გამოვიდეო, ამაყად ვაცხადებდი, ჯერ კიდევ
ექვსი წლისა. მე მიყვარდა ჩემი მასწავლებელი, მიყვარდა მისი შემოსვლა
კლასში, მისი ღიმილი, სამართლიანობა, სითბო და მშობლიური
დამოკიდებულება თითოეული მოსწავლისადმი…
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოს ენის სახელმწიფო
პალატაში დავიწყე მუშაობა,თუმცა გული მაინც სკოლისაკენ მიმიწევდა, რადგან
ვგრძნობდი, რომ ჩემი მოწოდება ბავშვებთან -ამ საოცარ ქმნილებებთან – ყოფნა
იყო…
ძალიან გამიმართლა, რომ ეს მოწოდება ვიპოვე და დღეს სწორედ მათ
გვერდით ვარ… ვფიქრობ, ერთ-ერთ საპატიო საქმეს ვაკეთებ -მათ ვასწავლი
მშობლიურ ენას. ეს ხომ დიდი პატივია!
ბედნიერებაა და დიდი პასუხისმგებლობაც მასწავლებლობა. ასაკობრივი
ზღვარი უნდა გაარღვიო, მოსწავლეთა გუნდის წევრი უნდა გახდე , შინაგანად
მზად უნდა იყო ამისათვის… როდესაც მოსწავლე გრძნობს, რომ მასში
პიროვნებას ხედავ და აფასებ, გენდობა და დიდი სიყვარულით სწავლობს შენს
საგანსაც.
რა არის მთავარი მასწავლებლის ცხოვრებაში? პრინციპულობა და
სამართლიანობა, რომლის მეშვეობითაც თითოეულმა მოსწავლემ უნდა
იგრძნოს პირადი თავისუფლება და ამავე დროს სხვისი თავისუფალი ნებაც
უნდა აღიაროს. ეს ჩვენ, მასწავლებლებმა და მშობლებმა, ერთად უნდა
ვასწავლოთ ჩვენი ცხოვრების წესით …
ეს კი არ არის ადვილი…ამ რთულ გზაზე შეცდომებიც არის, მარცხიც, მაგრამ
ესეც კანონზომიერია, რადგან წინსვლა თუ გვინდა, ამ შეცდომებსაც თვალი
უნდა გავუსწოროთ, უნდა ვისწავლოთ ჩვენსავე შეცდომებზე, რათა ჩარჩოებში
არ მოვაქციოთ მოსწავლის აზროვნება და არც ნიშანზე დამოკიდებული
გავხადოთ;
ცხოვრების ჟინი, გაჭირვებაში შეუდრეკლობა, ბრძოლისუნარიანობა
ჩავუნერგოთ…
რა თქმა უნდა, ეს მასწავლებელთან ერთად მშობლის პასუხისმგებლობაცაა,
მშობელმაც და მასწავლებელმაც უნდა გამოხატოს ბავშვის მიმართ უპირობო
სიყვარული და სითბო, მზრუნველობა და მხარდაჭერა, მიმღებლობა და
პატივისცემა.
მშობლებთან საუბრისას ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ბავშვის აღზრდისას
უნდა გამოვრიცხოთ ნებისმიერი სახის ძალადობა, მუქარა, დაშინება…უნდა
ვასწავლოთ, რაც არის მთავარი პროფესიის არჩევისა თუ ცხოვრებისეული
სირთულის გადალახვისას -ესაა საკუთარი მოწოდების, საკუთარი ადგილის
პოვნა ამ სამყაროში.
ეს უნდა იყო მთავარი: მშობლისა და მასწავლებლის ერთობლივი დაუღალავი
შრომით უნდა გაიკვლიოს ცხოვრების გზა ახალგაზრდამ; სწორედ ამიტომ
მომწონს თანამედროვე სწავლების მიდგომა, რომლის მიხედვითაც,
თანამშრომლობითა და თანადგომით ჩვენ,მასწავლებლებმა და მშობლებმა,
უნდა ვიბრძოლოთ ერთი საერთო მიზნისათვის -ეს მიზანია ჩვენი ლამაზი
ქვეყნისათვის საიმედო შვილების აღზრდა. მიუღწეველი არაფერია…
ფიქრია წიკლაური;
სსიპ თელავის რაიონის სოფელ წინანდლის საჯარო
სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;