Home დღის ამბები ეკონომიკა „წელს უხარისხო მოსავალია“ – კივის მწარმოებელთა ასოციაცია

„წელს უხარისხო მოსავალია“ – კივის მწარმოებელთა ასოციაცია

საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ წელს კივის მოსავალი გასულ წლებთან შედარებით უხარისხოა. მიზეზი კი ჭარბი ნალექი და გვალვაა. როგორც  ასოციაციის დამფუძნებელმა დემურ ფიფიამ განაცხადა, დაბალი ხარისხის გამო ნაკლებად მოსალოდნელია წელს კივი ექსპორტზე გავიდეს.

„კივი საქართველოს ბაზარზე მოთხოვნადი კულტურაა, თუმცა, მაგალითად, გასულ წელს უფრო მეტად ექსპორტზე გავიდა. წელს არ ვიცით, როგორ იქნება, ვინაიდან ხარისხი დაბალია. ხარისხის შემცირება ნალექის რაოდენობამ გამოიწვია. დაახლოებით თვენახევრიანმა წვიმამ არ მისცა კივს განვითარების საშუალება. შემდეგ ერთბაშად გვალვაც დაემატა და ხარისხი შეამცირა“, – განაცხადა დემურ ფიფიამ.

რაც შეეხება ფასს, ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ხარისხის შემცირების გამო, წლევანდელი ფასი დაიკლებს.

„გასულ წელს ხარისხიან კივს 4.5 ლარად ვაბარებდით. საშუალო ფასი დაახლოებით 2.5 ლარი გამოდიოდა. წელს კი არ ვიცით. თუმცა, უხარისხობის გამო, ფასი ნაკლები იქნება“, – აღნიშნა მან.

დემურ ფიფიამ კივის მწარმოებელთა სხვა გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა კივის პლანტაციების დაზიანებაა. „გაგვიხმა და არ ვიცით რატომ. დაავადებას ვერ ვადგენთ. ზედმეტი ტენის და გვალვის პირობებში მოხდა. ამის დადგენა კვლევითმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ, მაგრამ არ გვაქვს მსგავსი. როგორც ვიცი, არის ცალკეული ინსტიტუტები, მაგრამ ვერ აბამენ ამ საქმეს თავს. ჩვენ განაცხადი 3-4 წლის წინ გავაკეთეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორია შექმნილიყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მაგრამ არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, კივის მოსავლის აღება დაწყებულია, თუმცა, მასშტაბურად ჯერჯერობით არა. აქტიური სეზონი მალე დაიწყება.

რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, გასულ წელს საქართველოდან 308,4 ათასი აშშ დოლარის, ხოლო 2020 წელს 363,9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კივი გავიდა. წელს, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ექსპორტზე 47,4 000 აშშ დოლარის კივია გასული. თუმცა, როგორც წესი, ექსპორტის დიდი ნაწილი მეტწილად სწორედ ნოემბერ-დეკემბერში ხდება.

ბოლო სამი წლის მონაცემებით, ქართული კივის საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სომხეთი, იაპონია და ყატარი. მათ შორის მთავარ ბაზრებს სომხეთი და იაპონია წარმოადგენენ. წელს, საქართველოდან კივი მხოლოდ სომხეთშია ექსპორტირებული. ხოლო გასულ წელს, ქართული კივი მხოლოდ სომხეთსა (76.69 ათასი აშშ დოლარის) და იაპონიაში (231.73 ათასი აშშ დოლარის) გავიდა.